რომელი პოზაა ძილისთვის სასარგებლო

რომელი პოზაა ძილისთვის სასარგებლო
სრულფასოვანი ძილისთვის მნიშვნელოვანია შეარჩიოთ მოხერხებული მატრასი. თუ იგი არაკომფორტულია, ადამიანი მოუსვენრადაა და ხშირად იცვლის გვერდს, რაც უძილობას იწვევს.

ზურგზე ძილი
საუკეთესო პოზაა მათთვის, ვისაც უნდა კარგად გამოიყურებოდეს: სახის კუნთები მოდუნებულია, კანის ჟანგბადით მომარაგება უზრუნველყოფილია. შედეგად ვიღებთ მხნეობას და გვიან ნაოჭებს. კუჭსა და მუცლის ღრუს ორგანოებზე ზეწოლა პრაქტიკულად არაა, რის გამოც ქვეითდება კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლის რისკი და გულძმარვის უსიამოვნო შეგრძნებაც. ხერხემალზე დატვირთვა მინიმალურია, რაც მას მოსვენების საშუალებას აძლევს. ეს პოზა მიუღებელია მათთვის, ვინც ხვრინავს, აქვს ღამის აპნოე ან ბრუქსიზმი ( კბილების კრაჭუნი), რადგანაც ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა ძლიერდება ზურგზე წოლისას.

გვერდზე წოლა
აქვეითებს წელის არეზე დატვირთვას, ამიტომ ტკივილისას საუკეთესო პოზაა. ადამიანი არ ხვრინავს, ორგანიზმი კარგად მარაგდება ჟანგბადით, რაც აუმჯობესებს ძილის ხარისხს, აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და ხელს უწყობს ტვინის მუშაობას. ამ პოზაში ძილის დროს ხშირად ადგილი აქვს ხელის ან ფეხის დაბუჟებას. ასეთ პოზაში ძილისას სათანადო ბალიში უნდა იყოს შერჩეული, რათა არ დაზარალდეს ხერხემლის კისრის ნაწილი. იდეალურია, როცა ბალიში შეესაბამება მხრის სიმაღლეს, რათა კისერი მოთავსდეს ჰორიზონტალურად, ტანის პარალელურად. თუ ბალიშის ქვეშ ხელის ამოდების სურვილი გიჩნდებათ, ე.ი. ის თქვენთვის ძალიან დაბალია.

მუცელზე წოლა
მუცლის შებერილობისას ეს პოზა შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზეზით აწვენენ მუცელზე პატარა ბავშვებს. თუმცა, ამ დროს ხერხემლის კისრის ნაწილი არაბუნებრივ მდგომარეობაშია, რამაც შეიძლება ტკივილი, ტვინის სისხლით მომარაგების გაუარესება გამოიწვიოს. ასევე, იზრდება შინაგან ორგანოებზე, მათ შორის დიაფრაგმაზე ზეწოლა, ამიტომ ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება უარესდება. სახის კანისთვის ჟანგბადის მოწოდება მინიმალურია, ამიტომ ასეთი პოზის მოყვარულებს სხვაზე ადრე უჩნდებათ ნაოჭები და იშვიათად აქვთ ჯანსაღი ფერი.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი