როგორი მკურნალობაა საჭირო ყურიდან ჩირქოვანი გამონადენის არსებობისას.

როგორი მკურნალობაა საჭირო  ყურიდან ჩირქოვანი გამონადენის  არსებობისას.
ყურიდან პერიოდულად ჩნდება ჩირქოვანი გამონადენი, განსაზღვრული ხნის შემდეგ ქრება, მერე კი ისევ იჩენს თავს.
- ქრონიკული ოტიტი ანუ ყურის ქრონიკული ანთება, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მსგავსად, გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით მიმდინარეობს. გამწვავებისას დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები მაქსიმალურად არის გამოხატული, ხოლო რემისიის დროს სიმპტომები თითქმის არ აღინიშნება. სწორედ გამწვავების მაჩვენებელია სხვა სიმპტომებთან ერთად ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა. რემისიის პერიოდში გამონადენი მცირდება, ზოგჯერ ქრება კიდეც, თუმცა ეს ქრონიკული ოტიტისგან განკურნებას არ ნიშნავს.

როგორი მკურნალობაა საჭირო ყურიდან ჩირქოვანი გამონადენის არსებობისას?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩირქოვანი გამონადენი არის სიმპტომი და არა დაავადება, ამდენად, ჩვენ ვმკურნალობთ ჩირქოვანი გამონადენის გამომწვევ დაავადებას და არა გამონადენს, დაავადების, ამ შემთხვევაში - ოტიტის მკურნალობა კი გულისხმობს ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, ანთების კერის სანაციას. ვინაიდან ცხვირით სუნთქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მიზანშეწონილია ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების შესხურება, ჩაწვეთება. ასეთი პრეპარატები სუნთქვას აადვილებენ. რასაკვირველია, მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისას დაავადების თავისებურებებსაც ვითვალისწინებთ.

არის თუ არა ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი ოპერაციული ჩარევის ჩვენება?

ოპერაციული ჩარევის ჩვენებაა სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი. ის უკავშირდება ეპიტიმპანიტს, რომელიც ძვლების დესტრუქციით მიმდინარეობს. ქრონიკული მეზოტიმპანიტის დროსაც, თუ დაავადება ხშირი რეციდივით მიმდინარეობს და, შესაბამისად, გამონადენიც ხშირია, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა, თუმცა ზოგადად მკურნალობის ტაქტიკა კონკრეტულ დაავადებაზეა დამოკიდებული.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა