ხალხური რეცეპტი თავის ტკივილის სამკურნალოდ

ხალხური რეცეპტი თავის ტკივილის სამკურნალოდ
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავი არ ატკივებია. თავის ტკივილი ერთერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის გამოც ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს. თავის ტკივილი ადამიანს ზოგჯერ უნარშეზღუდულადაც კი აქცევს. მისი გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ ძირითადი კი შემდეგია: თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები, სისხლძარღოვანი სისტემები, ფსიქოგენური და არატვინოვანი მიზეზები. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ, თავის ტკივილის სამკურნალო ხალხურ რეცეპტს სალბის, გვირილას და პიტნის გამოყენებით

მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 2 ჩაის კოვზ - თანაბარი რაოდენობის გვირილას, პიტნის და სალბის ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთი თავდახურული, ოდნავ რომ შეგრილდება გადაწურეთ.
  2. ეს არომატული ნაყენი სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2 ჯერ დღეში, 10-12 დღის განმავლობაში.


ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალი სამივე მცენარე ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. გვირილას აქვს მკვეთრად გამოხატული სპაზმოლიზური, ანტიანთებითი, ანტისეპტიკური, საძილე და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გვირილაში შემავალი ეთერზეთი აძლიერებს და აღრმავებს სუნთქვას, აუმჯობესებს გულის შეკუმშვათა რიტმს და ამავე დროს, აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. გვირილას ხშირად იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების სამკურნალოდ. პიტნას აქვს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აგრეთვე რეფლექსურად აფართოებს კორონარებს, აძლიერებს კანისა და ლორწოს გარსების კაპილარულ მიმოქცევას, ააქტიურებს ნაწლავთა პერისტალტიკას. მენთოლი აქტიურად გამოიყენება, როგორც სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალება სტენოკარდიისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმის დროს. გარდა ამისა, მენთოლს იყენებენ საძილე საშუალებად მომატებული აგზნებადობის, უძილობისა და ნევროზული მდგომარეობის დროს. სალბი გამოირჩევა ანტიანთებითი და ანტიმიკრობული ეფექტით. თუმცა მის პრეპარატებსაც აქვს მსუბუქი სპაზმოლიზური მოქმედება.
ამ სამი მცენარის კომბინაცია საკმაოდ გონივრულადაა შერჩეული. ამ ნარევის ნაყენი დადებით შედეგს მოგვცემს ტვინის სისხლძარღვთა სპაზმის და ნერვიული აგზნებით გამოწვეული თავის ტკივილის შემთხვევაში.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"