სახსრების ტკივილის დროს ეს რეცეპტები ბევრს მოჰგვრის შვებას...

სახსრების ტკივილის დროს ეს რეცეპტები ბევრს მოჰგვრის შვებას...
2-3 წელიწადი მაწუხებდა სახსრები. მტკიოდა მუხლები, კოჭები, იდაყვები და წელიც კი. განსაკუთრებით ცუდად იყო ჩემი საქმე ამინდის ცვლილების დროს - როგორც კი სახსრები ამტკივდებოდა, ვიცოდი, რომ ამინდი უნდა გაფუჭებულიყო. მეგობრები დამცინოდნენ კიდეც, შენი სახსრების პატრონი, სინოპტიკოსად უნდა მუშაობდეო. რა არ ვსვი - დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნიმესილი. შველით კი მშველოდა, მაგრამ კუჭი ამატკივა. ვიფიქრე, გინდ სახსრებს მოვუკლივარ გინდ კუჭს - თქო, წამლების სმას თავი დავანებე და ხალხურ მედიცინას მივმართე. ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ყველაზე მეტად ბროწეული, უფრო სწორად, მისი ქერქი მომიხდა. მინდა, მისი რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მოჰგვრის შვებას.

  • 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გაფილტრეთ, მდუღარე წყლით შეავსეთ 1 ჭიქამდე და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.

  • სახსრების ტკივილს უხდება შვრიაც: აიღეთ 1 ჭიქა, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მეოთხედი არ ამოშრება. ნახარში გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ - ნახევარი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

    ართროზის დროს ბანანის ქერქი სინჯეთ
  • აიღეთ 4 ცალი ბანანის ქერქი, წვრილად დაჭერით და მინის ქილაში ჩაყარეთ. დაასხით 0,5 ლ არაყი და 40 დღით სითბოში დადგით, თან რეგულარულად ურიეთ.
    მზა ნაყენი ყოველ საღამოს შეიზილეთ მტკივან სახსარში.

    სახსრების მკურნალობა დაფნის ფოთლის ნაყენით
  • ჭიქაში უნდა ჩააგდოთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და დაასხათ მდუღარე წყალი. როცა შეგრილდება, გადაწუროთ და დალიოთ. მეორე დღეს 2 ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე, მესამე დღეს - 3-ს და ასე ახვიდეთ 10 ფოთლამდე, შემდეგ ასეთივე თანმიმდევრობით ჩამოხვიდეთ 1 ფოთლამდე.
    ამ ნაყენით შეგიძლიათ უმკურნალოთ ოსტეოქონდროზს, ართრიტს, ართროზს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაფნის ნაყენი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ მისი მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
    კურსი უნდა ჩაიტაროთ 6 თვეში ერთხელ.

    მრავალძარღვა სახსრების ტკივილს დაგიამებთ
  • 2 - 3 ცალი მწარე წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 0,5 ჩაის ჭიქა მრავალძარღვასა და ხახვის წვენი, ძვლის ცხიმი, შედგით ნელ ცეცხლზე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ადუღეთ. ამ ნახარშით გაიკეთეთ კომპრესი მტკივან ადგილებზე, შეიხვიეთ თბილად და დაიტოვეთ მთელი ღამით.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი