რომელი ორგანოს დაავადებასთან არის დაკავშირებული არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა!

რომელი ორგანოს დაავადებასთან არის დაკავშირებული არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა!
ვარ 53 წლის ქალი. 3 - 4 თვის წინ დამეწყო წნევის ცვალებადობა, დღის პირველ ნახევარში მაქვს 90/50, მეორე ნახევარში კი 190/100. მივმარეთე ექიმს. მკურნალობა შედეგს არ იძლევა. გთხოვთ განმიმარტოთ, რა იწვევს ასეთ ცვალებადობას და რომელ სპეციალისტს მივმართო?

ექიმის კომენტარი:
არტერიული ჰიპერტენზია ( მაღალი წნევა ), ჩვეულებისამებრ, თანდათანობით ვითარდება ხოლმე. პირველ ხანებში წნევის ციფრები უმნიშვნელოდ და შედარებით იშვიათად მატულობს, , შემდგომში წნევა უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევს და მისი მატების ფაქტებიც ხშირდება ხოლმე. მაგრამ ეს იმ შემთხვევას ეხება, როცა ჰიპერტენზია პირველადია, ანუ ვითარდება, როგორც გულ - სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია და დაკავშირებული არ არის სხვა ორგანოთა დაავადებებთან. ხოლო თუ წნევა თავიდანვე საკმაოდ მაღალია და ადვილად არ ევემდებარება წნევის დამწევი წამლებით მკურნალობას, სავარაუდოა, რომ წნევა სხვა ორგანოს დაავადების შედეგია. ასეთ დროს უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, კერძოდ რომელი პათოლოგიაა ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი და მკურნალობა უნდა მივმართოთ ძირითადი დაავადების საწინააღმდეგოდ. ყველაზე მეტად გავრცელებულია თირკმელებისმიერი ჰიპერტენზია, საკმაოდ ხშირად გვხვდება ენდოკრინული პათოლოგიით გამოწვეული ჰიპერტენზია.
თქვენი მონათხრობის მიხედვით, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს სწორედ მეორად ჰიპერტენზიასთან. გირჩევთ, ჩაიტაროთ ყოველმხრივი სამედიცინო გამოკვლევა ზუსტი დიაგნოზის დასადგენად. მხოლოდ წნევის დამწევი წამლებით თქვენს შემთხვევაში წნევა არ მოწესრიგდება, რადგან მისი გამომწვევი ძირითადი დაავადება ჯერჯერობით უცნობია.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს