ვუმკურნალოთ ხველას სწრაფად და გემრიელად
4 წლის შვილიშვილი მყავს, რომელიც საბავშვო ბაღში დადის. საერთოდ, ჯანმრთელი ბავშვია, მაგრამ გვიან შემოდგომაზე ცივდება და დიდხანს ახველებს. ბავშვის მშობლები საზღვარგარეთ არიან, ამიტომ შვილიშვილს მე ვუვლი. ქიმიური საშუალებების მიღებას ვერიდები. შვილებიც ისე დავზარდე, რომ წამალს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვაძლევდი. შვილიშვილსაც ბუნებრივი საშუალებით ვმკურნალობ, სასარგებლოც არის და გემრიელიც.
- აიღეთ 2 ცალი ძალიან მწიფე ბანანი, გახეხეთ საწურზე და გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში. მიეცით ცხელი, როგორსაც გაუძლებს.
ყელის გასაჯანსაღებელი ნაყენი - ვიღებთ 1 სუფრის კოვზ გვირილას, ამდენივე კალენდულას და ევკალიპტის ფოთოლს, ერთმანეთში ვურევთ, ვასხამთ 4,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 2 წუთს. ნახევარ საათს ვაყენებთ და შემდეგ ვწურავთ.
გამოვლებას ვიწყებთ 26 გრადუსი ტემპერატურის ნახარშით და თანდათან ტემპერატურას თითო გრადუსით ვამცირებთ, ისე, რომ 10 დღის შემდეგ სავლები სითხის ტემპერატურა 16 გრადუსი იყოს. შემდეგ მთელი თვის განმავლობაში ვივლებთ ყელში ამ ტემპერატურის ნახარშს.
ბრონქიტის მცენარეული წამლები - მომინანქრებულ ქვაბში ვყრით 1 სუფრის კოვზ სალბს და ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა რძეს. ვახურავთ სახურავს და წამოვადუღებთ ნელ ცეცხლზე. ცოტა ხანს ვაჩერებთ, გადავწურავთ და ისევ წამოვადუღებთ. უნდა დაილიოს ცხელი, ძილის წინ.
- ხველის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა ასეთი ნარევიც: ვიღებთ 2 სუფრის კოვზ ახალ ნაღების კარაქს, 2 კვერცხის გულს, 1 ჩაის კოვზ პურის ფქვილს, 2 ჩაის კოვზ თაფლს. კარგად ვურევთ ერთმანეთში და ვიღებთ რამდენიმე ულუფად.