ხალხური რეცეპტები, რომლებიც მამაკაცურ კლიმაქსს შველის
შესაძლოა, გეუცხოვოთ, რადგან ასეთ საკითხებზე მამაკაცები იშვიათად ლაპარაკობენ - ეს რამდენიმე წელია, უსიამოვნო შეგრძნებები და უგუნებობა დამჩემდა. ექიმთან მისვლა ვერ შევძელი. ჩემმა თანამშრომელმა, რომელმაც ეს პრობლემები კარგა ხანია უკან მოიტოვა, ამ წამლების მომზადება და მიღება მირჩია:
- ვიღებთ კუნელის ყვავილს - 3 სუფრის კოვზს, ვასხამთ 3 ჩაის ჭიქა ონკანის წყალს, ვაჩერებთ 8-10 საათს, შემდეგ 5-7 წუთით წამოვადუღებთ, ვფუთავთ და კიდევ ნახევარ საათს ვაჩერებთ. შემდეგ ნახარში უნდა გადავწუროთ. ვიღებთ თითო ჩაის ჭიქას უზმოზე და ორჯერ - ჭამის შემდეგ.
- ვიღებთ 30 გრამ წიწმატურას, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 1 საათით ვაჩერებთ და ვწურავთ. ვსვამთ ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ.
- ვიღებთ 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, ვასხამთ 3 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებთ 30 წუთს, ვწურავთ. ვსვამთ 1 ჩაის ჭიქას დილით, უზმოზე.
- კარგია კუნელის ყვავილების სპირტიანი ნაყენიც: 40 წვეთი განაზავეთ ცოტაოდენი წყლით და სვით დღეში 3-ჯერ.
- დღეში სამჯერ მიიღეთ ასეთი ნარევი: კატაბალახას წვეთები - 20 მლ, კუნელის ყვავილების ნახარში - 20 მლ, პიტნის წვეთები - 15 მლ.
- კარგია დილა-საღამოს პიტნის ჩაის სმაც.
- აიღეთ 3 ჩაის კოვზი სალბის წვრილად დაჭრილი ფოთოლი, დაასხით 250 გრამი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ძილის წინ 2 ჩაის ჭიქა.
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი კრაზანა, ამდენივე ბარამბო, 1 სუფრის კოვზი სვია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ ძილის წინ.