რა იწვევს თვალისა და ცხვირის ქავილს. მიზეზები და მკურნალობა

რა იწვევს თვალისა და ცხვირის ქავილს. მიზეზები და მკურნალობა
თვალის ქავილი ყველაზე ხშირად ალერგიული ანთების ბრალია, რომელიც ჰაერში მოტივტივე ალერგენებით: მცენარის მტვრით, შინაური ცხოველების ბეწვით, ფრინველთა ბუმბულით არის გამოწვეული. ალერგიული ქავილი ხშირად საყოფაცხოვრებო ქიმიკატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებსაც უკავშირდება. ქავილმა შესაძლოა თავი იჩინოს თვალბუდეში უცხო სხეულის - მტვრის უწვრილესი ნაწილაკების, ქვიშის, მწერების და სხვა მიკროსკოპული ზომის საგნების მოხვედრის ან ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის კონიუნქტივიტი და ბლეფიტი.
თვალის ქავილი ზოგჯერ თვალის ჭრილობის შეხორცების პროცესსაც სდევს თან. მას ჭრილობის შეხორცებისას ორგანიზმში გამომუშავებული ნივთიერებები აპროვოცირებს.
ბოლო ხანს თვალის ქავილის გავრცელებული მიზეზია მშრალი თვალის სინდრომი - კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა თვალის ლორწვანს აშრობს და ძლიერ ქავილს იწვევს.
ქავილი, მიზეზის კვალობაზე, ზოგჯერ მხოლოდ ქუთუთოებს მოიცავს, ზოგჯერ - თვალის ლორწოვან გარსს, ხან პერიოდულია, ხან კი მუდმივი.

მკურნალობა
მკურნალობა გამომწვევი მიზეზის მიხედვით ინიშნება.
  • ალერგიული ბუნების ქავილის შესამცირებლად თვალში სპეციალური წამლების შემცველი წვეთების ჩაწვეთებაა საჭირო. დროებით შვების მომგვრელია ცივი და სველი კომპრესები.

  • თვალიდან უცხო სხეულის მოცილება თვალის ხშირი ხამხამით, ცივი წყლის ნაკადით ან სველი ბამბის ტამპონით უნდა სცადოთ.

  • თუ უცხო სხეულმა თვალის ქსოვილი დააზიანა, მისი ამოღება მხოლოდ სპეციალისტს უნდა მიანდოთ.

  • ოფთალმოლოგის კომპეტენციაა ბაქტერიულ - ვირუსული ეტიოლოგიის კონიუნქტივიტებისა და ბლეფარიტების მკურნალობა.

  • მშრალი თვალის სინდრომის დროს ეფექტიანია ხელოვნური ცრემლების გამოყენება და კომპუტერთან მუშაობის რაციონალური რეჟიმის დაცვა.

ცხვირის ქავილის მიზეზები
ცხვირის ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია მტვერი, მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, მკვეთრი არომატები, ინფექცია. ადგილობრივ მიზეზებთან ერთად ცხვირის ქავილს, განსაკუთრებით ბავშვებში, ნაწლავური პარაზიტებიც აპროვოცირებს.

მკურნალობა
  • თუ ცხვირის ქავილს ერთვის სუნთქვის გაძნელება და სურდო, რეკომენდებულია სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენებამ უმჯობესია სპრეის სახით და არა წვეთებისა.

  • შედეგიანია ცხვირის ღრუს სხვადასხვა ხსნარით გამორეცხვა.

  • სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას უმჯობესია ისინი რომელიმე თანამედროვე ანტიალერგიულ მედიკამენტთან ერთად მიიღოთ.

  • თუ ეს ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ სპეციალისტს, რათა ჩატარებულმა თვითმკურნალობამ ნეგატიური შედეგი ატ გამოიღოს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო