როგორ გავიკაჟოთ ორგანიზმი გემრიელად

როგორ გავიკაჟოთ ორგანიზმი გემრიელად
შუა ზამთარი და ადრეული გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც იმუნიტეტი ძალიან შესუსტებულია, არადა, მისი განმტკიცება არც ისე ძნელია. ამაში კარგი დახმარება შეუძლია კვების იმუნურ რაციონსაც.

უარი არ თქვათ შეჩვეულ პროდუქტებზე
ზამთარი და მომდევნო სეზონთშორისი პერიოდი ორგანიზმისთვის მცენარეული საკვების შიმშილის პერიოდია, სწორედ ისინი შეიცავს იმუნიტეტის გაძლიერებისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. მართალია მათი ნაკლებობა შეიძლება მულტივიტამინური კომპლექსებითაც შევავსოთ, მაგრამ ეს ყოველთვის როდია ეფექტური. მნიშვნელოვანია ბალანსი და ორგანიზმის მიერ მათი შეთვისების უნარი. ჯანმრთელმა ადამიანმა, უმჯობესია, ვიტამინები და მიკროელემენტები ბუნებრივი გზით მიიღოს. თუმცა ეს არ ნიშნავს მთლიანად მცენარეულ მენიუზე გადასვლას. მთავარია, რაციონიდან არ ამოიღოთ შეჩვეული პროდუქტები. ასეთი ქმედება ორგანიზმის მხრიდან სტრესულ რეაქციებს გამოიწვევს. დამატებითი სტრესი კი უფრო მეტად ავნებს იმუნიტეტს. ეცადეთ გაამრავალფეროვნოთ თქვენი სუფრა: მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მაგრამ უარი არ თქვათ თევზზე, ხორცზე და რძის მჟავე პროდუქტებზე.

მთავარი ვიტამინებია... და მიკროელემენტებიც!
თუკი საშუალება გაქვთ, ნუ დაზოგავთ თქვენს ფინანსებს კენკროვნების, ხილისა და ბოსტნეულის შესაძენად. ისინი ჩვენთვის საჭირო C და A ვიტამინებს ბლომად შეიცავს. ეს მძლავრი ანტიოქსიდანტები ორგანიზმის შემგუებლობით შესაძლებლობებს ზრდის. A ვიტამინი შეიძლება მიიღოთ, მაგალითად, სტაფილოდან, ყურძნიდან და მწვანილიდან. ასევე, დაე, თქვენს სუფრაზე მუდმივად იყოს ყველი და ხაჭო, პერიოდულად კი - ღვიძლი და კვერცხი.

სიგარეტი და ალკოჰოლი არამცთუ თრგუნავს, არამედ კლავს იმუნიტეტს. ეს უსიტყვოდ ასეა! მაგრამ სპირტიან სასმელს რაც შეეხება, ოდნავ სხვაგვარადაა საქმე. მშრალი წითელი ( შავი) ღვინო იმუნიტეტისთვის სასარგებლოა, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ! ყოველდღიური დასაშვები მაქსიმალური დოზა 50 - 100 გრამია.
მიკროელემენტებიდან იმუნიტეტზე დადებითად მოქმედებს თუთია და სელენიუმი. თუთიას შეიცავს თევზი, ხორცი, ღვიძლი, ნიგოზი, ლობიო და ბარდა. სელენიუმი არის თევზში, ზღვის პროდუქტებში და ნიორში...

"დავიზეთოთ" კიდეც!
ეცადეთ კერძები მცენარეული ცხიმებით შეაზავოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება, მთავარია, რაფინირებული არ იყოს. ჯერ ერთი, ისინი E ვიტამინს შეიცავს, რომელიც ანტიოქსიდანტია და დაბერების პროცესს ანელებს. მეორეც, მათში ბევრია ორგანიზმისთვის უკიდურესად საჭირო პოლიუჯერი ცხიმმჟავები.
ნაღების კარაქიც უნდა შედიოდეს რაციონში. მიირთვით ცოტ - ცოტა, ოღონდ მუდმივად. ის ვიტამინსაც შეიცავს და ცხოველური წარმოშობის ცხიმებსაც, რომლებიც, ასვევე, უნდა მოხვდეს ორგანიზმში.
ადამიანის რაციონში ცხოველური ცხიმების რაოდენობა 30 % - ს უნდა შეადგენდეს, დანარჩენი კი მცენარეული ცხიმები უნდა იყოს.

სანელებლები
მარტო გემოვნებითი თვისებებითა და არომატით როდი გამოირჩევიან. ისინი იმუნიტეტსაც ამაღელებენ. აი, მათი სახელები: კოწახური, კოჭა (იმბირი), მიხაკი, ქინძი, დარიჩინი, რეჰანი, ილი, კურკუმა, დაფნის ფოთოლი და კიდევ - პირშუშხა (ხრენი).
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველსათვის