ერთ - ერთი ეფექტური საშუალებები, რომელიც იძლევა კარგ შედეგს ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

ერთ - ერთი ეფექტური საშუალებები, რომელიც იძლევა  კარგ შედეგს  ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ესაა ვენების დაავადება, რომელიც გამოიხატება მათი ზომების გადიდებაში, ფორმის ცვლილებასა და ელასტიურობის შემცირებაში. ძირითადად ზიანდება ქვემო კიდურების ზერელე ვენები, სწორი ნაწლავის ვენოზური წნულები, საყელოს სისტემისა და სათესლე არხის ვენები. ვენების ვარიკოზული სისტემაში სისხლის გადინების გაძნელება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფეხზე სისტემატური, ხანგრძლივი დგომით, რაც დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან, ორსულობის დროს მენჯის ვენებზე საშვილოსნოს ზეწოლით, მენჯის ვენებში შეგუბებითი მოვლენებით სისტემატური შეკრულობის, მჯდომარე მუშაობის და სხვათა დროს.

რეცეპტები:
  • 0,5 ლიტრიან ბოთლში ჩაყარეთ მესამედამდე არყის ხის კვირტები და შეავსეთ ბოთლი არყით. დააყენეთ 10 დღე. ყოველდღე შეანჯღრიეთ. როდესაც დაგეწყებათ ფეხების ტკივილი, შეიზილეთ ვენებში მიღებული ნაყენი და დაასვენეთ? 10 - 15 წთ. შემდეგ ისევ შეიზილეთ და შეწყვიტეთ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვა. კვირტები უნდა შეაგროვოთ იმ მომენტში, როდესაც ისინი უკვე დაიბერნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოჩენილა მწვანე ფოთლები. შეგროვილი კვირტები გაახმეთ, ისინი ვარგისია ორი წლის განმავლობაში. არყის ხის კვირტების ნაყენი შველის ასევე თრომბოფლებიტს და დიდხანს შეუხორცებელ ჭრილობებსა და წყლულებს.

  • გარეცხეთ ცივი წყლით საშიალო ზომის სამი ცალი ანტონოვკის ჯიშის ვაშლი. ჩააწყვეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ლ მდუღარე. დააყენეთ 3 სთ. მჭიდროდ შეფუთეთ. შემდეგ ვაშლი დასრისეთ და მიღებული ნაყენი გაწურეთ. სვით ყოველდღე 50 - 50 მლ დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. ნაყენი დაამზადეთ და მიიღეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

  • სტაფილოს მიწისზედა ნაწილის ( მკლავი, ფოთოლი) ნახარში საჭიროა ვსვათ ჩაის ან წყლის მაგივრად ყველა ვარიკოზისა და თრომბოფლებიტის დროს.

  • 100 გრ სურნელოვანი ტეგანის ბალახი დავაქუცმაცოთ და დავასხათ 0,5 ლ არაყი, დავაყენოთ 10 დღე ბნელ ადგილას. მივიღოთ 10 - 10 წვეთი 3 - ჯერ დღეში.

  • ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებსა და კვანძებში 6 % - იანი ვაშლის ძმრის შეზელვა ამცირებს ვენების გაგანიერებას.

  • ჩვეულებრივი სვიის ( ფშალას ) 1 ს/კ გირჩები დავაქუცმაცოთ, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე და ვაცხელოთ წყლის აბაზანაზე 15 წთ. ნახარში ვსვათ 200 - 200 მლ ჭამამდე, 3 - ჯერ დღეში. უნდა გვახსოვდეს, რომ სვიას აქვს ძილისმომგვრელი თვისება. რაც მნიშვნელოვანია მძღოლებისათვის. სვიის ნახარში შეიძლება გამოვიყენოთ გარეგანი ხმარებისთვისაც. მასში დასველებულ ხელსახოცს ვაფენთ გაფართოებული ვენების მიდამოზე 10 - 15 წთ.

დამატებითი ინფორმაცია (1)
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი
admin თარითი:4 ივლისი 2017 14:19
ვენების ვარიკოზული გაგანიერება
რა არის ვარიკოზი
ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება (varix -კვანძი, შებერილობა, ლათ) - ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

ვარიკოზული დაავადება ცნობილია უძველესი დროიდან. მის შესახებ ცნობები მოიპოვება ეგვიპტურ პაპირუსებში, ბიზანტიის კანონთა კრებულში მედიცინის შესახებ და ძველ აღთქმაშიც კი. ვარიკოზული დაავადების მკურნალობას ცდილობდნენ (თუმცა უშედეგოდ) ძველი დროის უდიდესი ექიმები ჰიპოკრატე, ავიცენა, გალენი და პარაცელსი. მას უწოდებდნენ ”დაავადებას, რომელიც მოგცელავს”. ამ დაავადების შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა იტალიელმა ექიმმა მარჩელო მალპიგიმ. სწორედ მან აღმოაჩინა 300 წლის წინათ კაპილარული სისხლის მიმოქცევა და დაამტკიცა, რომ სისხლი მიედინება არტერიებიდან ვენებისაკენ და იქიდან კი გულისაკენ.
ვენების ვარიკოზული გაფართოება ძალზედ გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის ეს დაავადება აღენიშნება ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს და რაც მთავარია, ეს არის ძირითადად 40 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები.
ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოების ვენები (მათ შორის საყლაპავის, სასქესო ბაგირაკის და სხვ), შესაბამისად, დაზიანებული სიხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება - პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება.



ვარიკოზული დაავადების მიზეზები
ვარიკოზის უპირველეს მიზეზად გვევლინება ვენების სარქვლოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა.

ვენები ეს არის სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. ეს ხდება რამდენიმე მექანიზმის წყალობით: არტერიებიდან სისხლის ჭავლის გადმოსროლით (უმნიშვნელო როლი), ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვით (მოქმედებს, როგორც დგუში) და ვენებში არსებული სარქველების მუშაობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას.

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც გრავიტაციის ძალაა. ვენების დაავადება, ეს არის ადამიანების ”გადასახადი” ვერტიკალური (ფეხზე მდგარი) ცხოვრების წესის გამო. შესაბამისად, დაავადების განვითარების ყველაზე მეტი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროფესიების გამო (ექიმები, გამყიდველები, დალაქები და სხვ.) დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა.

ვენური სარქველების დაზიანების სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი არის მუცლის ღრუში წნევის მომატება. ეს ხდება სიმძიმეების აწევის, ხველების, ცემინების, ქრონიკული შეკრულობის გამო.

ქალებში ვარიკოზული დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს, როდესაც თანდათანობით ძლიერდება მზარდი საშვილოსნოს ზეწოლა მუცლის ღრუს ვენებზე, რაც თავის მხრივ აძნელებს სისხლის გადინებას ქვედა კიდურების ვენებიდან. გარდა ამისა, ვენების დაავადება დაკავშირებულია ქალებში ჰორმონალური ფონის შეცვლასთან ორსულობის პერიოდში და ასევე არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპციის წყალობით.

და ბოლოს, ვენების ნორმალური მუშაობა ირღვევა ხანდაზმული ასაკის ადამინებში, რაც სავსებით კანონზომიერია.


ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების სიმპტომები
ვენების დაავადების პირველი ნიშანი ეს არის არის დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ.

მოგვიანებით ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამის საათებში განვითარებული კრუნჩხვები კანჭის კუნთებში. გარდა ამისა, ქვედა კიდურებზე ჩნდება წვრილი მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლძარღვოვანი ”ვარსკვლავები”, და ბოლოს, ფართოვდება კანქვეშა ვენები, რომლებიც ემსგავსებიან გადამწიფებული წითელი ყურძნის მტევნებს.

შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), ტროფიკული წყლულები ან ეგზემა დაზიანებულ მიდამოში.


ვარიკოზული დაავადების დიაგნოსტიკა

ვარიკოზული დაავადების მკურნალობის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაზე იწყება მკურნალობა. მკურნალობა მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმ-ფლებოლოგს (ვენების სპეციალისტი-ქირურგი).
პირველადი გასინჯვის შემდეგ ხდება ინსტრუმენტული გამოკვლევა. ხშირად დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება: დოპლეროგრაფია და დუპლექს-სკანირება. თუმცა, თუკი ამის აუცილებლობაა, შეიძლება გამოყენებული იქნას რადიონუკლიდური და რენტგენოკონტრასტული კვლევის მეთოდებიც, რომლის დროსაც შეჰყავთ სისხლძარღვში უვნებელი ნივთიერება და იკვლევენ მის განაწილებას სისხლძარღვებში.


მკურნალობის ძირითადი მეთოდები
ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა შეიძლება სამი გზით: ქირურგიული ოპერაციის ჩატარებით, სკლეროთერაპიის მეთოდით და მედიკამენტების გამოყენებით. გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო ტრიკოტაჟი.

ადამიანმა ექიმ-ფლებოლოგს უნდა მიმართოს დაავადების საწყის სტადიაზე, ”მძიმე ფეხის სინდრომის” ეტაპზე. ამ ეტაპზე გამოიყენება ვენოტონური საშუალებები სხვადასხვა მალამოებისა და აბების ფორმით. სამწუხაროდ, მკურნალობას შეუძლია მხოლოდ დაამუხრუჭოს დაავადების განვითარება, მაგრამ მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია.

ვარიკოზული ვარსკვლავები (0,2 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის შემთხვევაშიც კი) შეიძლება უმტკივნეულოდ მოცილდეს მიკროთერმოკოაგულაციის მეთოდით, რომლის დროსაც ხდება კაპილარის სანათურის ”შეწებება” ოქროთი ან ტეფლონით დაფარული უწვრილესი ელექტროდისა და მაღალსიხშირული ელექტრული იმპულსის გამოყენებით.

თუკი სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების დიამეტრი 0,2მმ-ს აღემატება, იყენებენ მიკროსკლეროთერაპიის მეთოდს, რომლის დროსაც კაპილარში უწვრილესი ნემსით შეჰყავთ სპეციალური შემწებებელი პრეპარატი.
როდესაც ვენები გამოიბერება კანის ზედაპირიდან, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ყოველთვის როდი არის აუცილებელი ოპერაციის ჩატარება. განვითარებულ ქვეყნებში პაციენტთა უმრავლესობას (შემთხვევათა 90%-ში) უტარდება სკლეროთერაპია. ამ მკურნალობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვენაში სპეციალური შპრიცით შეჰყავთ მასკლეროზებელი პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვის სანათურის შეწებებას და დახურვას. თითოეული პროცედურის ხანგრძლივობა 5-10 წუთია. იგი საშუალებას იძლევა, ამორჩევითად მოცილებული იქნას მხოლოდ ვარიკოზულად შეცვლილი ვენები, ჯანმრთელი უბნების შენარჩუნების ფონზე. ამ დროს ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ქრება შეგუბებითი ცვლილებები, მცირდება ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, კრუნჩხვები, დაღლილობა. თანდათანობით ქრება პიგმენტური ლაქები. განასხვავებენ სკლეროთერაპიის სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა შერჩევა ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით:
· უშუალოდ ვარიკოზული ვენების სკლეროთერაპია;
· ექო-სკლეროთერაპია (პრეპარატის შეყვანა ვენის სანათურში წარმოებს ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ);
· Foam-form სკლეროთერაპია (სკლეროზანტი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გარდაიქმნება წვრილდისპერსიულ ქაფად, რომელიც შეჰყავთ საკმაოდ მსხვილი ვენების სანათურში).
სკლეროთერაპიის მეთოდი საკმაოდ ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს კარგ კოსმეტიკურ და სამკურნალო ეფექტს. მხოლოდ შემთხვევათა 25%-ში არ მოაქვს მას განკურნება, თუმცა ამ დროსაც კი გაუმჯობესება სახეზეა.
კარგი შედეგები აქვს ოზონოთერაპიას, რომლის დროსაც ”ცუდი” ვენების გამოთიშვის გარდა უმჯობესდება კანის სტრუქტურაც.
როცა სახეზეა ტროფიკული წყლულები, ეგზემა, თრომბოფლებიტი, ამ შემთხვევაში ნაჩვენებია კომბინირებული მეთოდიკა (სკლეროთერაპია პლუს ქირურგიული მკურნალობა).
ქირურგიული მკურნალობის დროს ხდება დაზიანებული ვენის მოცილება ქირურგიული მეთოდით. უნდა აღინიშნოს, რომ კანქვეშა ვენების მოცილება ხელს არ უშლის სისხლის დინებას და სავსებით უვნებელია ორგანიზმისათვის. გაფართოებული ზერელე ვენებიდან ნორმაში მიედინება მხოლოდ სისხლის 10%. დანარჩენ დატვირთვას იღებს ქვედა კიდურების ღრმა და ე.წ. შემაერთებელი ვენები. ამიტომაც ეს ვენები ზედაპირული ვენების ფუნქციას ყოველგვარი სირთულის გარეშე აკომპენსირებენ.





ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკა
ვარიკოზის პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია მთელი რიგი მარტივი პრევენციული ღონისძიებების შესრულება:

ეცადეთ, თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას, ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა;
არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით, ფეხი-ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში; მჯდომარე პროფესიის ადამიანებისათვის სასარგებლოა სამსახურში ყოველ 40-50 წთ-ში ფეხზე ადგომა, ასევე ოფისის დერეფანში გავლა-გამოვლა ან კიბეებზე ასვლა. ეს გააუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას, რათა ვენებში არ მოხდეს სისხლის შეგუბება. სახლში ყოფნისას კარგი იქნება, სკამზე ჯდომისას ქვედა კიდურების სიმაღლეზე შემოწყობა, ანუ ფლებოლოგები მიესალმებიან ე.წ. ”ამერიკული” ჯდომის მანერას.
ძილის დროს შეეცადეთ, ფეხები სხეულთან შედარებით მაღლა იყოს მოთავსებული.
იმის გათვალისწინებით, რომ მემკვიდრეობითი დატვირთვის შემდეგ ვარიკოზული დაავადებისათვის ყველაზე დიდი რისკია ორსულობა და მშობიარობა, უმჯობესია მშობიარობა და ნებისმიერი სახის ოპერაცია ჩატარდეს ელასტიური ბანდების ან სპეციალური კომპრესიული ტრიკოტაჟის პირობებში;
გასათვალისწინებელია თამბაქოს მოხმარებისა და ჭარბი წონის როლი. შესაბამისად, ვარიკოზის პროფილაქტიკა ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას, ასევე წონის კონტროლს.
არ დაგავიწყდეთ კონტრასტული შხაპის სარგებელის შესახებ - თბილი და გრილი წყლის ჭავლის მონაცვლეობით ხდება ვენების ”ტრენირება”, რაც კარგად ამაგრებს სიხლძარღვების კედლებს და ხელს უწყობს ვარიკოზის პროფილაქტიკას;
ეცადეთ, ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოკლე ყელწინდები მჭიდრო რეზინით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი;
ვარიკოზული დაავადების დროს ატარეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი ან ელასტიური ბანდები;
მკურნალობის პროცესში სასურველია პერიოდულად ხდებოდეს ვენომატონიზებელი პრეპარატების ცვლა;
მკურნალობის პროცესში დასაშვებია გარკვეული სპორტული აქტივობა, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვედა კიდურების დატვირთვას; არ შეიძლება გრძელ დისტანციებზე სირბილი, სიმძიმეების აწევა. ყველა სახის დატვირთვა უნდა წარმოებდეს კომპრესიული ტრიოკოტაჟის პირობებში;
ცალკე აღნიშვნის ღირსია ხანგრძლივი (4 საათი და მეტი) საავიაციო გადაფრენები და ავტობუსით მგზავრობა. ჯანმო-ს მონაცემებით ეს ზრდის ვენური თრომბოემბოლიზმის რისკს. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები გვთავაზობენ რამოდენიმე ეფექტურ პრევენციულ ქმედებას, მაგ., ტერფების ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით გავარჯიშდება კუნთები და შენარჩუნდება ქვედა კიდურებში სისხლის მოძრაობა. ადამიანებმა ასევე თავი უნდა აარიდონ მოჭერილი ტანსაცმლით მგზავრობას, ვინაიდან მათ შეუძლიათ სისხლის მიმოქცევის შეფერხება. ექსპერტები რისკის მქონე პაციენტებს ურჩევენ სპეციალური წინდების ხმარებას და ასპირინის მიღებას თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობის წინ.
ფიტოთერაპიის მომხრეები თვლიან, რომ ზოგიერთი ხალხური რეცეპტი თავიდან აგვარიდებს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების პრობლემას: მაგ. თუ დაჭრით 250გრ ნიორს და დაასხამთ 350გრ თხიერ თაფლს, მიღებულ ნარევს დააყენებთ ორი კვირა, რის შემდეგაც დაიწყებთ მის მიღებას სუფრის კოვზით ჭამამდე 40 წთ-ით ადრე, ორი თვის შემდეგ ვარიკოზის მოვლენები შემცირდება.



და ბოლოს, ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი ჩივილის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ფლებოლოგს, რომელიც დროულად შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას, რაც შეანელებს დაავადების შემდგომ პროგრესირებას!