რატომ გვიბუჟდება კიდურები, ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

რატომ გვიბუჟდება კიდურები, ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს
ხელების, ფეხების ან ოთხივე კიდურის დაბუჟების შეგრძნება ერთ - ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია. საბედნიეროდ, ის უმეტესად კეთილთვისებიანი და დროებითია. მაგალითად, შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც ძილის დროს მკლავი თავქვეშ ისე გვაქვს ამოდებული, რომ თავი ნერვს აწვება, ანდა ფეხიფეხფგადადებული დიდხანს ვზივართ. პოზის შეცვლისას ჩხვლეტისა და ტკივილის შემაწუხებელი შეგრძნება მალევე გაივლის. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კიდურების დაბუჟება ძალზე შემაწუხებელია და დიდხანს გრძელდება. შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, ქავილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე.

კიდურების დაბუჟებას უმთავრესად ნეიროპათიები და ანგიოპათიები ანუ პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები იწვევს.

ნეიროპათიის მიზეზი შეიძლება იყოს:
  • ხერხემლის დაავადება - ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, სკოლიოზი, კიფოსკოლიოზი, მალების კისტა;
  • სიმსივნე;
  • ქრონიკული სპეციფიკური ანთება ( მაგალითად, ტუბერკულოზი);
  • ოსტეოპოროზი;
  • განვითარების მანკი (სპინა ბიფიდა);
  • პერიფერიული ნერვების ანთება - ნევრიტი, ინტოქსიკაცია;
  • შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური ნეიროპათია );
  • ტრამვული ნევრიტი;

სისხლძარღვთა დაავადებებიდან დაბუჟება ახასიათებს უმთავრესად სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევებს როგორც არტერიული, ასევე ვენური პათოლოგიების დროს.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა თან სდევს თრომბოზს, ემბოლიას, სისხლძარღვთა ტრამვულ დაზიანებას.
კიდურების დაბუჟება მოსალოდნელია ქრონიკული არტერიული და ვენური უკმარისობის დროსაც, მაგრამ უფრო გვიან სტადიაში.

სიმპტომები
კიდურების დაბუჟება ზოგიერთი დაავადების სიმპტომი, მაგრამ დამოუკიდებლად თითქმის არ გვხვდება - თავს იჩენს სხვა სიმპტომებთან ერთად, რომელთა კომპლექსის საფუძველზე დაისმის საბოლოო დიაგნოზი.
უწინარე ყოვლისა უნდა განისაზღვროს, რომელი სისტემის პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი მოცემული სიმპტომოკომპლექსი და ამის მიხედვით გაიგზავნოს პაციენტი სპეციალისტთან - ანგიოლოგთან ან ნევროპათოლოგთან.

სისხლძარღვთა დაავადებების დროს დაბუჟებასთან ერთად, წესისამებრ, ვლინდება:
  • კიდურების გაცივება;
  • გაფითრება ან ციანოზი;
  • ტკივილი დატვირთვის დროს;
  • შორს წასულ შემთხვევაში - კიდურების ფუნქციის მოშლა და ტროფიკული ცვლილებები.

პერიფერიული ნერვების პათოლოგიით გამოწვეული დაბუჟება კი, პირიქით, ხშირად თავს მოსვენებისას - ძილის დროს, ხანგრძლივი ჯდომისას, ხოლო ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მცირდება ან ქრება.
ნეიროპათიას არ ახასიათებს კიდურების გაცივება, ფერის შეცვლა, პულსის გაქრობა, კიდურების შეშუპება, ტროფიკული ცვლილებები - ჰიპერპიგმკენტაცია, წყლულებისა და ნეკროზების წარმოქმნა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა