სკოლიოზი და ორსულობა, რა ხდება ასეთ დროს ორგანიზმში

სკოლიოზი და ორსულობა, რა ხდება ასეთ დროს ორგანიზმში
შვილოსნობის ასაკს მიღწეულმა ქალმა უკვე იცის, რომ სკოლიოზი აქვს - ეს დაავადება, ჩვეულებრივ, სასკოლო ასაკში ვლინდება. ყველა ქალმა, რომელსაც სკოლიოზი აქვს, დაორსულებამდე აუცილებლად უნდა გაიაროს ხერხემლის დაზიანებული ნაწილის მაგნიტურ - რეზონანსური გამოკვლევა. დაორსულებამდე იმიტომ, რომ ძლიერმა მაგნიტურმა ველმა შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს. ორსულობის დაგეგმვისას ქალმა უნდა იცოდეს სკოლიოზის ხარისხი. პირველი და მეორე ხარისხის სკოლიოზის შემთხვევაში შინაგან ორგანოებზე ფუნქციური დატვირთვა არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ შინაგანი ორგანოები, განსაკუთრებით - გულ - სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები, ისევე მუშაობს, როგორც ჯანმრთელი ადამიანისა. მაგარმ გამოხატული - III და, მით უმეტეს, IV ხარისხის სკოლიოზის დროს აუცილებლად უნდა მოეთათბიროთ ექიმებს - მეანს, ორთოპედსა და თერაპევტს. საქმე ის არის, რომ ხერხემლის დეფორმაცია იწვევს ფილტვებისა და გულის გადანაცვლებას, რაც მათ ფუნქციურ შესაძლებლობებს აქვეითებს. ორსულობის დროს დატვირთვა შესაძლოა აღემატებოდეს ორგანიზმის შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც. ზოგჯერ ხერხემლის დეფორმაცია შინაგანი ორგანოების, მათ შორის - სასქესო ორგანოთა ანომალიებს ერწყმის. მაგალითად, იცვლება საშვილოსნოს ფორმა და მდებარეობა. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩასახვასა და ორსულობაზე.

მშობიარობა ხერხემლის დაავადების დროს
გაუტკივარების მეთოდის ასარჩევად მიზანშეწონილია ანესთეზიოლოგის კონსულტაცია. სამწუხაროდ, ხერხემლის ზოგიერთი მდგომარეობა ეპიდერალურ ანესთეზიას ართულებს. საკეისრო კვეთის გასაკეთებლად ნებართვას იღებენ მხოლოდ ის ქალები, რომლებსაც ზურგისა და ხერხემლის სერიოზული პრობლემები აქვთ. მსუბუქი სკოლიოზი, წესისამებრ, ხელს არ უშლის ფიზიოლოგიურ მშობიარობას. გამოხატული სკოლიოზის დროს მშობიარობის მეთოდს არჩევს ექიმი. თუ ორსულობის დროს სკოლიოზით დაავადებული ქალის მენჯის ფორმა და ზომები შეიცვალა, ორსულობა შესაძლოა საკეისრო კვეთით დასრულდეს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო