რასთან არის დაკავშირებული ბავშვის ძლიერი ოფლიანობა და როგორ მკურნალობას საჭიროებს ის?!

რასთან არის დაკავშირებული ბავშვის ძლიერი ოფლიანობა და როგორ მკურნალობას საჭიროებს ის?!
მყავს 3 წლის შვილი, დაბადებიდანვე ძლიერი ოფლიანობა ახასიათებს, ამიტომ ხშირად ცივდება. ტემპერატურა ნორმალური აქვს. ხელით შეხებისას კი კანი ცივია და სველი. წამდაუწუმ უსველდება მაისურები. ექიმის რეკომენდაციით დავალევინე კალციუმი და მისი შემცველი პრეპარატები, D ვიტამინი. ოფლიანობა ხანდახან უმცირდება, მაგრამ დროებით. მირჩიეთ, კიდევ რა საშუალება გამოვიყენო? შეიძლება თუ არა, ეს გენეტიკური იყოს?


ექიმის კომენტარი:
საინტერესოა, ჰქონდა თუ არა ბავშვს რაქიტის სხვა ნიშნები ( კბილების ამოჭრის დაგვიანება, ყიფლიბანდის გვიან დახურვა, ძვლების დეფორმაცია ). კალციუმის დეფიციტი მართლაც ერთ - ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია პატარების ოფლიანობისა. ზოგჯერ მშობლები დეფიციტის შესავსებად იყენებენ კალციუმის ისეთ პრეპარატებს ( მაგალითად, კალციუმის გლუკონატს ), რომლებშიც ეს მინერალი საკმაოდ მცირე რაოდენობითაა. ასეთი პრეპარატების მცირე ხნით და მცირე დოზებით დანიშვნა, ფაქტობრივად, არავითარ შედეგს არ იძლევა. როდესაც კალციუმის დეფიციტის ნიშნები აშკარაა, უმჯობესია, კალციუმის ქლორიდის 10 % - იანი ხსნარი მივცეთ. მწარე გემოს გამო ის არ უყვართ პატარებს, თუმცა ეფექტი მისი მიღებისას უფრო შესამჩნევია. მისი დადგენა კი, აქვს თუ არა ბავშვს კალციუმის ნაკლებობა სისხლის სპეციალური ანალიზით შეიძლება.

აუცილებლად გაუკეთეთ პატარას სისხლის საერთო ანალიზი - ოფლიანობა ანემიასაც ( სისხლნაკლებობას ) ახასიათებს. თქვენ აღნიშნავთ, რომ ოფლიანობა ხშირად ხდება ხოლმე გაცივების მიზეზი. გამორიცხული არ არის, სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგია ( მაგალითად, ქრონიკული ტონზილიტი ან ბრონქიტი ) იყოს გაძლიერებული ოფლიანობის მიზეზი, ამიტომ ამ მიმართულებით პედიატრმა ბავშვი საგულდაგულოდ უნდა გამოიკვლიოს.

დღეს პატარებში საკმაოდ ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებიც, რომლებიც ასევე შეიძლება იყოს ოფლიანობის მიზეზი. ბავშვს იოდის დეფიციტი რომ არ განუვითარდეს, მის ყოველდღიურ რაციოში უნდა შევიტანოთ ამ ელემენტის საჭირო დოზა. ამისთვის კი, ინტენსიურად ჩართეთ რაციონში იოდირებული პროდუქტები.
ხშირი გაცივების თავიდან ასაცილებლად პატარას აუცილებლად უნდა აუმაღლოთ იმუნიტეტი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული პრეპარატები ( იმუნალი ), თაფლი.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს