თავის ტკივილის 6 სახეობა, რომლის იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

თავის ტკივილის 6 სახეობა, რომლის იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
დროდადრო ყველას გვაწუხებს თავის ტკივილი. ხანდახან, იგი სტრესის გამო ჩნდება, ხანდახან არასწორი კვების ან ცხოვრების მჯდომიარე წესის გამო. მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება ორგანიზმში სერიოზული პრობლემების მანიშნებელი იყოს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამის იგნორირება არ შეიძლება. თავის ტკივილის ზოგიერთი სახეობა იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმს საშიშროება ემუქრება და ექიმს უნდა მივმართოთ აუცილებლად.

მაშ ასე, თავის ტკივილის როგორი სახეობები არსებობს და როგორ უნდა მოვიქცეთ?

1. დაძაბულობის თავის ტკივილი ან თენზიონური თავის ტკივილი

ეს გახლავთ ყველაზე გავრცელებული სახეობა. სტატისტიკის მიხედვით, დროდადრო ადამიანების 90% განიცდის მსგავს ტკივილს, რომელიც კისრისა და ზურგის დაძაბულობის გამო ჩნდება, დაძაბულობა კი თავის მხრივ სტრესით ან დაღლილობითაა გამოწვეული.

ტკივილის სიმძლავრე უმნიშვნელოდან საშუალომდე მერყეობს და ვლინდება წნევით ან შუბლში სიმძიმის შეგრძენებით. ასეთ ტკივილთან გამკლავება ბუნებრივი სარელაქსაციო მეთოდებით შეიძლება. საუბარია იოგაზე, მედიტაციაზე, მასაჯზე ან ძილზე. თუ ტკივილი არ ყუჩდება, მაშინ პრეპარატებს უნდა მიმართოთ.

2. სინუსური თავის ტკივილი

ასეთი ტკივილი ძლიერი სინუსიტის დროს ჩნდება. უსიამოვნო შეგრძნებები კონცენტრირდება ცხვირისა და თვალების მიდამოებში. ავადმყოფს მაღალი სიცხე და სურდო აღენიშნება. ტკივილი საშუალოდან ძლიერამდე მერყეობს. ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურია, მიმართოთ ექიმს, რომლებიც სპეციალურ პრეპარატებს გამოგიწერთ.

3. შაკიკი

უამრავ ადამიანს შაკიკი და სინუსური ტკივილი ერთმანეთში ერევა. შაკიკი - ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება პულსირებული ტკივილით, შუქისა და ხმების მიმართ მგრძნობელობით, ღებინების შეგრძნებით.

ადამიანები, რომლებსაც შაკიკი აწუხებთ, როგორც წესი, იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც უწერენ სპეციალურ მკურნალობას.

4. კლასტერული თავის ტკივილი

ასეთი ტკივილი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 1%-ში გვხვდება. ტკივილს განსაკუთრებული თავისებურება აქვს: იგი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ჩნდება, ამიტომ ექიმები ვარაუდობენ, რომ ამაში ჰიპოთალამუსია ჩართული, რომელიც ბიოლოგიურ საათს აკონტროლებს.

მტანჯველი ტკივილი თვალების ირგვლივ ჩნდება, ხშირად, ძილის შემდეგ. კლასტერული ტკივილი ხშირად ალკოჰოლის მიღების შემდეგაც ჩნდება და მწეველების მუდმივი მეგზურიცაა.

ასეთი ტკივილის განკურნება ცხოვრების წესის შეცვლითა და პრეპარატებით არის შესაძლებელი.

5. თავის ტკივილი ფიზიკური დატვირთვისას

ასეთი ტკივილი ხშირად სპორტსმენებს აწუხებს. იგი შაკიკს ჰგავს. გარდა ამისა, ადამიანი ადრე იღვიძებს, აწუხებს მაღალი წნევა. სიმპტომები და ტკივილის ძალა განსხვავდება, ამიტომ, ექიმს დროულად უნდა მიმართოთ.

6. ელვისებრი თავის ტკივილი

ასეთი ტკივილი მოულოდნელად ჩნდება და ძალიან ძლიერია. პიკი 60 წამი გრძელდება, მაგრამ თავად ტკივილი რამდენიმე კვირა გრძელდება.
აუცილებელია, დროულად მიექციოს ყურადღება ამ პრობლემას, რადგან შესაძლოა, ეს უფრო სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.

ექიმის მიმართვისას, ეცადეთ, რაც შეიძლება ზუსტად აღუწეროთ ტკივილის სიმპტომები, რათა სწორი დიაგნოზი და მკურნალობა დაგენიშნოთ.