ხალხური მედიცინა გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ ამ რეცეპტებს გვირჩევს

ხალხური მედიცინა გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ ამ რეცეპტებს გვირჩევს
გაფანტული სკლეროზი აუტოიმუნური ხასიათის ქრონიკული დაავადებაა. ის უმთავრესად 17 – 40 წლამდე ასაკში გვხვდება. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, გაფანტული სკლეროზი ქალებს სამჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების პირველი ნიშნები არცთუ იშვიათად ამა თუ იმ მაპროვოცირებელი ფაქტორის: ტრავმის, ოპერაციის, ნერვული სტრესის, მშობიარობის, სხვა დაავადების - ზემოქმედების შემდეგ ვლინდება. დაავადება შეიძლება დაიწყოს მგრძნობელობის სხვადასხვაგვარი მოშლით. ზოგჯერ ჩნდება დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის ან ჩხვლეტის შეგრძნება ზემო და ქვემო კიდურებში, ვითარდება მხედველობითი, ვესტიბულური და მოძრაობითი დარღვევები, კოორდინაციის მოშლა და სიარულის ამა თუ იმ სახის დარღვევა. ტიპობრივი ნიშნებია აგრეთვე ადვილად დაღლა, სისუსტე, შარდის შეკავების კონტროლის მოშლა, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.
Fpaparazzi-ის რედაქცია გირჩევთ ლიმონით მკურნალობის 4 სხვადასხვა რეცეპტს:
  1. ეს ნაყენი სკლეროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება: აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 4 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ დილაობით უზმოზე 1 ჩაის კოვზი. მოამზადეთ ახალ-ახალი და სვით ხანგრძლივად.
  2. გაფანტულ სკლეროზს კიდურების დამბლაც მოსდევს ხოლმე. ამ პათოლოგიის სამკურნალოდ კურკაგამოცლილი 4 ლიმონი კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი მელისას ფოთლების ფხვნილი, თითო სუფრის კოვზი ურცისა და დარიჩინის ფხვნილი, დაუმატეთ 0,5 კგ. თაფლი და 20-20 გრამი კატაბალახასა და კუნელის ნაყენი (იყიდება აფთიაქებში). მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.
  3. მხედველობის ნერვის დაზიანების (ატროფიის) შემთხვევაში 1 ცალი ლიმონი გაჭერით ოთხად, დაუმატეთ 100 ცალი მოუმწიფებელი ნაძვის გირჩა, 25 გრამი მარიამსაკმელა (ტეგანი), დაასხით 2,5 ლიტრი წყალი, დააყარეთ 0,5 კგ შაქარი და ხარშეთ 30 წუთი. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ შეფუთეთ 1 საათით, გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში ჭამამდე.
  4. ეს ნაყენი ასუფთავებს სისხლძარღვებს და კარგია სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული გულის თუ ტვინის დაავადებების პროფილაქტიკისათვის: 2 ცალი საშუალო ზომის ლიმონი და 2 ფორთოხალი დაჭერით, მოაშორეთ კურკები და გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. ნარევი ჩადეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე-ღამე. შემდეგ შედგით მაცივარში. მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი ჩაისთან ერთად ან ჭამამდე.


ექიმის კომენტარი: ლიმონის რბილობი ძირითადად წყლისა და ლიმონმჟავასაგან შედგება. გარდა ამისა შეიცავს შაქარსა და ასკორბინის მჟავას, A, B და D ვიტამინებს. კალიუმის, სპილენძის მარილებს, სხვა მიკროელემენტებს. ლიმონის კანი მდიდარია ეთერზეთებით. სამკურნალო პროფილაქტიკური მიზნით ლიმონი ძირითადად ავიტამინოზების ( კერძოდ C ვიტამინის დეფიციტის დროს) გამოიყენება. ლიმონის წვენის მიღებას ურჩევენ ფიტოთერაპევტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, მინერალური ცვლის დარღვევის, შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმის და სხვა დაავადებების დროს. ლიმონის წვენს იყენებენ ანგინის, ფარინგიტის, სოკოვანი დაავადებების დროს (გარეგანი მოხმარებისთვის). კოსმეტოლოგიაში ლიმონი გამოიყენება ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. ქართულ ხალხურ მედიცინაში თაფლს - ნიგოზსა და ლიმონთან ერთად ფართოდ იყენებდნენ სკლეროზის სამკურნალოდ.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"