მეზობელმა მასწავლა, როგორ მკურნალობდა დედამისი სახსრების დაავადებებს ხალხური საშუალებებით

მეზობელმა მასწავლა, როგორ მკურნალობდა დედამისი სახსრების დაავადებებს ხალხური საშუალებებით
მტკიოდა ხელები: მხრები, მკლავები, მტევნები... თითქოს მტეხდა, იმდენად, რომ თმის დავარცხნაც კი აღარ შემეძლო. აგარაკი მაქვს თბილისთან ახლოს. იქაურმა მეზობელმა რომ გაიგო ჩემი გასაჭირი, მასწავლა, როგორ მკურნალობდა დედამისი ხალხური საშუალებებით. უკვე ოთხი წელია მხოლოდ ამ საშუალებებით მიდგას სული.

  • ოროვანდის ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით წვრილად ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ წვენი. ეს წვენი შეურიეთ არაყს ან სპირტს 1:1 პროპორციით. წამალი მზადაა. შეინახეთ მინის ქილაში ოთახის ტემპერატურაზე. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ და ძილის წინ შეიზილეთ მტკივან ადგილებში, შეიხვიეთ თბილად. ორი თვის შემდეგ ხელების ტკივილმა გამიარა.
    ჩვეულებრივ, ამ წამალს ვამზადებ სამლიტრიანი ქილით და იატაკზე ვდგამ.

  • გაზაფხულზე ვკრეფ ბაბუაწვერას ყვავილებს და ნახევარლიტრიან მინის ქილაში ვყრი. ქილა კარგად რომ აივსება, ვასხამ არაყს ან სპირტს, იმდენს, რომ ყვავილები კარგად დაიფაროს. ქილას მჭიდრო თავსახურს ვახურავ და 10 დღის განმავლობაში სიბნელეში ვდგამ.
    როგორც კი მუხლი ამტკივდება, ვიღებ ქილიდან ბაბუაწვერას რამდენიმე კარგად დარბილებულ ყვავილს და მტკივან ადგილს იმდენ ხანს ვიზელ, ვიდრე ყვავილებს მთელი სისველე არ გამოუვა. ასე ვიქცევი დილით და საღამოს. რა ძლიერიც არ უნდა იყოს ტკივილი, 7-10 დღეში აუცილებლად გაივლის. პირადად მე 2-3 დღეშივე ვგრძნობ შვებას.
    ახლა ბაბუაწვერას ყვავილების დაკრეფა უკვე გვიანია, ამიტომ გაზაფხულამდე სამკურნალო სახვევის გამოყენებას გირჩევთ:

  • აიღეთ მატყლი ან სუფთა შალის ნაჭერი და დაასველეთ წინასწარ მომზადებულ ნახარშში. ნახარში მზადდება ნაცარქათამას ბალახის, არყის ხის ფოთლებისა და ასკილის ნაყოფისგან. უნდა აიღოთ 2-2 სადილის კოვზი, ჩაყაროთ ლიტრიან ქილაში, ქილა მდუღარე წყლით აავსოთ და ხარშოთ ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში. ნახარში გააცივეთ. 2 ჭიქა მაშინვე დალიეთ, რაც დარჩება, იმაში გახსენით 1 სადილის კოვზი მარილი და მეხუთედი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ და შიგნით მატყლი ან შალის ქსოვილი ჩადეთ. ნახევარი საათის შემდეგ, კარგად რომ გაიჟღინთება, ამოიღეთ, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მუხლზე. შეიხვიეთ პირსახოცით და დილამდე გაიჩერეთ. ასე გაიმეორეთ რამდენიმე დღე. უკვე 5 დღის შემდეგ იგრძნობთ შვებას.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი