როდის ითვლება ნორმალურ მდგომარეობად ჩვილის გაძლიერებული ოფლიანობა

როდის ითვლება  ნორმალურ მდგომარეობად ჩვილის გაძლიერებული ოფლიანობა
ჭარბი ოფლიანობა ჩვილებსაც ახასიათებთ. ქვემოთ იმაზე გესაუბრებით, ნორმაა გაძლიერებული ოფლდენა თუ პათოლოგიური მდგომარეობა.

როდის ითვლება ნორმად პატარას გაძლიერებული ოფლიანობა?
ჰიპერჰიდროზი ანუ ჭარბოფლიანობა ახალშობილთათვის დამახასიათებელი ერთ - ერთი განსაკუთრებული ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, ისეთივე, როგორიც არის, მაგალითად, ხაჭოსებრი საცხი, კანის ფიზიოლოგიური კატარი, კანის ფიზიოლოგიური აქერცვლა, ახალშობილთა ტელეანგიექტაზიები (კაპილარული გაფართოებები კანზე).
ახალშობილთა ჭარბოფლიანობა მეტისმეტი ჩათბუნების შედეგია. ამ ასაკში თერმოსარეგულაციო მექანიზმები სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის ჩამო ყალიბებული. თუ პაწიას თბილად ჩავაცმევთ და ზემდეტად ჩავფუთნით, სხეულის ტემპერატურა მოიმატებს და ოფლიანობაც დაიწყება.

ჩვილთა ჭარბოფლიანობა
ჩვილ ასაკში ოფლიანობა თან სდევს მაღალი სიცხით მიმდინარე ნებისმიერ დაავადებას. ის, როგორც კლინიკური ნიშანი, რაქიტის საწყისი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი. თუ 3 - 6 თვის პატარას გაძლიერებული ოფლიანობა აწუხებს, უწინარეს ყოვლისა სწორედ რაქიტი უნდა ვიეჭვოთ. ამ დროს ბავშვი აგზნებულია, წრიალებს, ერღვევა ძილის რეჟიმი. იმატებს კანის ვაზომოტორული აქტივობა - ძლიერდება წითელი დერმოგრაფიზმი. ოფლიანობა განსაკუთრებით შემაწუხებელია ძილისა და ჭამის დროს. ყველაზე მეტად სახე და თავის თმიანი ნაწილი ოფლიანდება. შეწუხებული ბავშვი თავს ბალიშს უხახუნებს და ამის გამო კეფაზე დამახასიათებელი თმის ცვენა ეწყება.
რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული ჭარბოფლიანობა, მას ყოველთვის სდევს თან ისეთი უსიამოვნო შედეგი, როგორიც არის გამოყელვა. ჩვილის კანი ნაზი და სათუთია. მასზე ოფლის ზემოქმედება ზედაპირულ დაზიანებას იწვევს. კანი ყველაზე მეტად ნაკეცების, ნაოჭების არეში ზიანდება. თუ ბავშვზე დროულად არ ვიზრუნეთ, დაზიანება კანის უფრო ღრმა ფენებსაც მოიცავს და ინფექციის კარიბჭედ იქცევა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო