თბილისის მერია: ქალაქში 3 ლომს, 2 დათვს, 1 მგელს და 1 ვეფხვს ეძებენ

თბილისის მერია: ქალაქში 3 ლომს, 2 დათვს, 1 მგელს და 1 ვეფხვს ეძებენ
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი თეიმურაზ ფხალაძე მოქალაქეებს დედაქალაქის ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შესახებ აფრთხილებს.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სკვერებში, ბაღებში და ბულვარებში ვიზიტებისგან.

"ფაქტია, რომ რამდენიმე ლომის ადგილსამყოფელი უცნობია. აქედან გამომდინარე, სიფრთხილე მართებს მოსახლეობას და მეტი ყურადღება. ჩვენი სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია, ვაკონტროლებთ სკვერებს, ბაღებს და ბულვარებს, სადაც ყველაზე საშიში ტერიტორიაა. განსაკუთრებით ვერის ბაღში, ვაკის პარკში და კუს ტბაზე.

დაუზუსტებელი ინფორმაციით 2 ან სამი ლომია. 1 მგელი უნდა იყოს დარჩენილი, რომელიც არ ვიცით სად არის. ასევე 2 ან 3 ლომი, 1 ვეფხვი კითხვის ნიშნის ქვეშ და 2 დათვი, თუ არ ვცდები",-განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას თეიმურაზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმის გამო, ბოლო მონაცემებით თბილისში 12 მოქალაქე დაიღუპა. გმირთა მოედანზე და ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის 24 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 10 000 ლარს მიიღებენ.
სტატიის წყარო:news.ge