უარის თქმის ხელოვნება

უარის თქმის ხელოვნება
ყოველთვის რთულია უთხრა ადამიანს “არა”, მაგრამ შეიძლება ამის მოხერხება ისე, რომ მთხოვნელი არ განაწყენდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ უთხრა უარი ადამიანს, რომ მისი პატივისცემა და მომავალი ურთიერთობაც შეინარჩუნო.

ბრაიან დე ჰააფმა, Aha! Labs Inc.-ის თანადმაფუძნებელმა თავის LinkeIn-ის პოსტში უარის თქმის რამდენიმე ხრიკი გაამხილა. იგი ამტკიცებს, რომ უარის თქმა არ არის აუცილებლად თავიდან მოცილების აქტი.

ჰააფის თქმით უარის თქმისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
1. გაიაზრეთ თხოვნა.

მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე იშვიათია ვინმემ რაიმე გთხოვოთ. ამიტომ, როდესაც დახმარებისთვის მოგმართავენ, გარკვეული დრო დაუთმეთ ამ თხოვნას და დაფიქრდით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მთხოვნელისთვის. ამით თქვენ აჩვენებთ, რომ თხოვნა და ადამიანი თქვენთვის სულერთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უარს ამბობთ დახმარებაზე.
2. ჩამოაყალიბეთ თქვენი ხედვა.

ვიდრე გადაწყვეტთ, თუ რომელი თხოვნისთვის ღირს დროის დათმობა, გაიაზრეთ და ზუსტად ჩამოაყალიბეთ თქვენი საკუთარი მიზნები. წარმატებულ ადამიანებს აქვთ მიზანზე ორიენტირებული მიდგომა, რაც გულისხმობს შემდეგს: ისინი პირველ რიგში აყალიბებენ საკუთარ ძირითად მიზნებს და თანხმდებიან ისეთი თხოვნების შესრულებაზე, რომლებიც მათი მიზნების შესაბამისია. ჰააფის თქმით, ამ მიდგომის გამოყენება დაგეხმარებათ კონცენტრირება მოახდინოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია და მარტივად შეძლებთ თქვათ “არა” ისეთ თხოვნებზე, რომელთა შინაარსიც არ შეესაბამება თქვენს მიზნებს. ამით დაზოგავთ როგორც საკუთარ, ასევე მთხოვნელის დროს.
3. უპასუხეთ სწრაფად.

წარმატებული ადამიანები დიდ დროს არ ხარჯავენ თხოვნებზე პასუხის გაცემისთვის. ისინი სწრაფად პასუხობენ დადებითად ან უარყოფითად. ჰააფის თქმით, მნიშვნელოვანია მიღებული ინფორმაციის და მისი მნიშვნელოვნების საკითხის სწრაფად გადაწყვეტა, რათა მალე შეძლოთ შემდეგ საკითხზე გადასვლა. ნუ გააჭიანურებთ პასუხის გაცემას ისეთ თხოვნებზე, რომლებიც იცით, რომ არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, არ გაქვთ დრო ან სხვა სახის რესურსები მათ შესასრულებლად. მართალია, შეიძლება უარის თქმა გეუხერხულებოდეთ, მაგრამ ამაზე ფიქრით დახარჯავთ საკუთარ დროს და ასევე მთხოვნელისას. დრო კი ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ, თუ პასუხს მოკლე დროში გასცემთ, თუნდაც ეს პასუხი ყველას არ ესიამოვნოს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ პასუხის გაცემას გააჭიანურებთ.
4. აუცილებლად ახსენით რატომ.

როდესაც უარს ამბობთ, ახსენით რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. “არას” თქმა განმარტების გარეშე თქვენს პასუხს უხეშ სახეს აძლევს და მეორე მხარისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებთ ამას. ჰააფის თქმით, მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ უბრალოდ თავაზიანობაზე მეტი. წარმატებული ადამიანები ცდილობენ იყონ მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანუ ახსნან თავიანთი გადაწყვეტილებები, რადგან ასე უფრო მარტივია მთხოვნელს გააგებინო, თუ რატომ ეუბნები უარს და ამასთანავე დაანახო, რომ აქ არაფერია პირადული, რადგან სამომავლო ურთიერთობა არ გაიფუჭო.
სტატიის წყარო:ideahub.ge