ინტიმური ზონის ჰიგიენა

ინტიმური ზონის ჰიგიენა
ბავშვობაში ყველას გვასწავლიდნენ, რომ უნდა დავიბანოთ ხელები ჭამის წინ, გამოვიხეხოთ კბილები ძილის წინ, დავიჭრათ ფრჩხილები კვირაში ერთხელ, მაგრამ ცოტას თუ ეხსომება, მშობლები ინტიმური ზონის ჰიგიენაზე დალაპარაკებოდნენ. არადა, ამ ელემენტარული წესების დაუცველობამ შეიძლება მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს.

ინტიმური ჯანმრთელობის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი პირობაა დაბანა ყოველ დილა-საღამოს და სქესობრივი სიახლოვის შემდეგ.


დაბანა ჯობს თბილი გადადუღებული წყლით. ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ საპონი - ის შეიცავს ტუტეს, რომელიც საზიანოა სასქესო ორგანოების მიკროფლორისთვის. ამ ზონის დასაბანად გამოიყენეთ სპეციალური ინტიმური გელი. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ გელის შემადგენლობას: ის უნდა შეიცავდეს რძის მჟავას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტიმური ზონის ბუნებრივი მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას. კარგი იქნება, გელის შემადგენლობაში შედიოდეს ნივთიერება ტრიკლოზანიც - ის დიდი ხანია აღიარებულია უსაფრთხო კოსმეტიკურ ინგრედიენტად, რომლისგანაც ალერგიასა და გაღიზიანებას არ უნდა ველოდეთ. ინტიმური ზონის დასაბანი გელი არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და სურნელოვან დანამატებს. უნდა დავიბანოთ სუფთა ხელებით და კარგად შევიმშრალოთ სუფთა პირსახოცით. უმჯობესია, ინტიმური ზონისთვის ცალკე პირსახოცი გვქონდეს, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც გავრეცხავთ და გავაუთოებთ - ამგვარად ყველა ბაქტერია განადგურდება. ინტიმური ზონისთვის სველი ხელსახოცების ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული - სითხე, რომლითაც ისინია გაჟღენთილი, შეიცავს მრავალ კოსმეტიკურ ელემენტს, რომლებმაც შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია თეთრეულის შერჩევა. ერიდეთ სინთეზური ქსოვილის თეთრეულს - ის არ ატარებს ჰაერს, იწვევს ოფლიანობას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი უსიამოვნო სიურპრიზებისთვის, როგორებიცაა პაპილომა, რძიანა და დისბაქტერიოზი. ქვედა საცვალი შეკერილი უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისაგან და არ ჰქონდეს უხეში ნაკერები. კარგი იქნება, თუ ღამით მაინც გაიხდით მოჭერილ ქვედა საცვალს. ქალებისთვის ყველაზე საყურადღებო პერიოდი კრიტიკული დღეებია. ამ დროს ფლორის დამცველობითი ფუნქცია სუსტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სქესობრივი ურთიერთობისგან, წყალსაცავში ბანაობისა და აბაზანისგან თავი უნდა შეიკავოთ. კრიტიკულ დღეებში საფენი უნდა გამოიცვალოთ, სულ მცირე, 3-4 საათში ერთხელ. თუ ტამპონებს ხმარობთ, 2 საათზე მეტხანს ნუ დაიტოვებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტამპონის ღამით დატოვება - ის იდეალურ გარემოს შექმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. არომატულ საფენებს, გირჩევთ, ერიდოთ - არომატიზატორებმა შესაძლოა ალერგია და კანდიდოზის განვითარება გამოიწვიოს. თეთრეულის ყოველი გამოცვლისას ყურადღება მიაქციეთ გამონადენს. თუ ის ჭარბია და დიდხანს არ წყდება, მიმართეთ ექიმს. ინტიმური ზონის ჰიგიენას ყურადღებით უნდა მოეკიდონ მამაკაცებიც - სასქესო ასოს ნაკეცებში შესაძლოა უხვად დაგროვდეს ბაქტერიები, რომლებსაც უსიამოვნო სუნის გამოწვევა შეუძლია. ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო მამაკაცს ხშირად უხდება სასქესო ორგანოს ხელით შეხება, ამიტომ ხელების დაბანა საჭიროა საპირფარეშოში შესვლამდეც და მის შემდეგაც. აუცილებლად შეიმშრალეთ ინტიმური ორგანო ტუალეტის ქაღალდით, რადგან სითხის წვეთები თეთრეულზე უსიამოვნო კვალს ტოვებს და შესანიშნავ გარემოს ქმნის ინფექციისთვის. გამონადენს მამაკაცებმაც უნდა მიაქციონ ყურადღება. თუ ქალებისთვის ის ზოგჯერ ბუნებრივია, მამაკაცებთან დაავადების აშკარა ნიშანია. იზრუნეთ იმაზეც, რომ სქესობრივი აქტის დროს თქვენც და პარტნიორსაც ხელები სუფთა გქონდეთ. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ აუცილებელია შხაპის მიღება და საპირფარეშოში შესვლა. ინტიმური ჰიგიენისთვის მნიშვნელოვანია შეგრძნებების გათვალისწინებაც. თუ თეთრეულის ტარებისას დისკომფორტს გრძნობთ, შეიძინეთ ახალი, უფრო მოხერხებული.
სტატიის ავტორი: ლალი ჩხიკვაძე
სტატიის წყარო:mkurnali.ge