რას ნიშნავს ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი - თბილისის უბნების სახელების ისტორია

რას ნიშნავს ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი - თბილისის უბნების სახელების ისტორია
თბილისის ტერიტორიის უბნებად და დასახლებებად დაყოფა საუკუნეების წინ, თანდათან დაიწყო. თითოეულ დასახლებას თავისი სახელწოდება და საინტერესო ისტორია თუ ლეგენდა აქვს.

ახლა მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ გვინდა მოგითხროთ და ესენია: ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი, ანუ როგორ დაერქვათ სახელები და როდიდან ფიქსირდება თითოეული ისტორიულ წყაროებში.

ნავთლუღი
ნავთლუღი - თბილისის ძველი უბანია, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისანი-სამგორის რაიონშია გაშენებული. სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს (ნავთობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ ჰქონდა). XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ იქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა. 1770 წლიდან ნავთლუღს ერეკლეს ციხესაც უწოდებდნენ. ამ ტერიტორიაზე გადიოდა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა (ე.წ. კახეთის გზა). ნავთლუღში შემორჩენილია წმინდა ბარბარეს სახელობის 2 ეკლესია; ერთი შუა საუკუნეებისა (ახლანდელი სახე XIX საუკუნეში მიეღო), მეორე — XIX საუკუნის II ნახევრის.

დიდუბე
დიდუბე - თბილისის ერთ-ერთი უბანი და ქალაქის ტერიტორიული ნაწილი. ის 1870-იანი წლებიდან არის. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე. მოიცავს წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბე წარმოდგა სახელწოდებიდან "დიდი დუბე" ე.ი. დიდი ვაკე. ამ მიდამოების უძველესი სახელწოდებაა "ცხენის ტერფი" (V საუკუნე).
თბილისის განაპირა ადგილის სახელად დიდუბე პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის (1195 წელი) შემდეგ იქ გამართულ სახალხო ზეიმს აღგვიწერს. დიდუბეში იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია. იქ არაგვიდან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს მეფის ზვრებს აწვდიდა. შემდგომ საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.
XVII საუკუნეში, ვახტანგ V-ის მეფობის დროს, დიდუბეში ისევ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში ავჭალიდან რუ გამოიყვანეს. XVII-XVIII საუკუნეებში იგი ქალაქისპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა... XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა - ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ე.წ. "ბაღის არხი". 1818 წელს დიდუბის ჩრდილოეთ ნაწილში დაასახლეს გერმანელი კოლონისტები. იმ პერიოდიდან დიდუბის ამ ნაწილს ალექსანდერდორფი ეწოდა.

ნაძალადევი
ნაძალადევი - ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში გაშენებული ძველი უბანია, რომელიც საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო. თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის (1872 წელი) შემდეგ დიდუბის ტერიტორიაზე ორ ნაწილად გაიყო; რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა, ახალ უბანმაც აქედან მიიღო სახელწოდება, ანუ ნაძალადევად სახლდებოდა. ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოები გახდა თბილისის პროლეტარიატის საბრძოლო სკოლა. 1905 წლის დეკემბერში საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან, ნაძალადევში ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშური ნაძალადევი მოკლე დროით "რესპუბლიკად" გამოხდადდა. მუშები იარაღდებოდნენ, გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა — რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები და არტილერია გამოიყენა. მუშების თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, აჯანყება დამარცხდა. ნაძალადევში რევოლუციური საქმიანობა დაიწყო სტალინმა.

სამგორი
სამგორი – ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცალხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, - მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისაგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროსი ძმა სვეტზე ჩირაღდნით ავარდა, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა და ჩამოაგდო, მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე ჭაბუკმა მოასწო და ქალაქში შველი აფრინა წერილით კისერზე. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი როცა დაბრუნდა და თავისი ძმობილები უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცაკლე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ აქ მოდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.
სტატიის ავტორი: ლალი ფაცია
სტატიის წყარო:ambebi.ge