ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მცენარეული საშუალებები
ერთ დღეს სამსახურში ცოტა ვინერვიულე და შემდეგ მთელი ღამე სავარძელში გავატარე - გულის არეში ძლიერი მოჭერის შეგრძნებათ თვალი არ მომახუჭინა. მეორე დღესაც, მეგობართან საუბრის დროს, გული ისე ამიჩქარდა, ვიფიქრე, ვეღარ გაუძლებს და სადაცაა, გაჩერდება -მეთქი. რამდენიმე თვის განმავლობაში სასმელს აღარ გავკარებივარ, მეგობრების რჩევით დამამშვიდებელი წვეთების სმაც დავიწყე. ექიმმა მითხრა, ყველაფერი არასწორი რეჟიმის ბრალიაო და ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები გამაცნო. რამდენიმე კვირის განმავლობაში მის დანიშნულ პრეპარატებს ვსვამდი, მაგრამ მოსალოდნელმა ინფარქტის შიშმა ისე დამრია ხელი, რომ ღამღამობით ძილი არ მეკარებოდა. ბოლოს ჩემი პრობლემების შესახებ მეგობარ ქალბატონს ვუამბე. მან ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ნაყენის სმა მირჩია.
- უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჭიქა კარგად უნდა შეფუთოთ და გააჩეროთ 20 წუთს. შემდეგ გახსნათ და გადაწუროთ. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად, თითოეული მათგანი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, შეავსოთ მდუღარე წყლით და ჩაისავით დალიოთ.
ნაყენის სმასთან ერთად თავი დავანებე თამბაქოს წევას და სმას. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი შფოთვის, ფორიაქისა და ტაქიკარდიისგან კვალიც აღარ დარჩა. ასე რომ, ყველას, ვინც ცხოვრების არაჯანსაღ წესს მისდევს, ვურჩევ, დროულად შეჩერდეს და ჯანმრთელობაზე მანამდე იზრუნოს, ვიდრე ასეთი მარტივი საშუალებებიც უშველის.
ნევროზის სამკურნალოდ ეს საშუალებებიც გამოგადგებათ: - აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის დანაყილი ნაყოფი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
კუნელისგან ნერვების დამაწყნარებელი მეორე საშუალებაც მზადდება: - აურიეთ ერთმანეთში წითელი კუნელის ყვავილი და ნაყოფი, 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 2 საათის განმავლობაში. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.