ბებიაჩემის რეცეპტის წყალობით ცისტიტმა ზუსტად ერთ კვირაში გამიარა.

ბებიაჩემის რეცეპტის   წყალობით  ცისტიტმა  ზუსტად  ერთ კვირაში  გამიარა.
ახალგაზრდობაში ისეთი პრანჭია ვიყავი, ზამთარშიც კი ლამის საზაფხულოდ ჩაცმული დავდიოდი და დამემართა კიდეც ცისტიტი. მადლობა ღმერთს, ბებიაჩემი მაშინვე მიხვდა, რაც მჭირდა და სასწრაფოდ დამიწყო მკურნალობა. გარდა საყოველთაოდ ცნობილი დათვისყურასი, ბებო მიხარშავდა შვრიას თაფლთან ერთად, მიმზადებდა აბაზანებს, მიორთქლავდა ფეხებს. არ მეგონა, თუ შვრიის ნახარში ასეთი ეფექტური გამოდგებოდა... სამუდამოდ დავიმახსოვრე მისი რეცეპტი:

  • 1 ჭიქა შვრიის მარცვალს ვასხამთ 2 ჭიქა წყალს, ვადუღებთ წყლის აბაზანაში, ვიდრე წყლის ნახევარი არ აორთქლდება. გაწურეთ და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. შემდეგ კიდევ 5 წუთს ადუღეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

  • აბაზანის მოსამზადებლადაც ბევრი არაფერია საჭირო: აიღეთ 6 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი გვირილის ყვავილი, ჩაყარეთ ერთი ვედრო ადუღებულ წყალში, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთს, შემდეგ ვედროს თავსახური დაახურეთ, ნახევარ საათს დააყენეთ და გაწურეთ. ამ ნახარშის ორთქლით ყოველდღე გაიკეთეთ მჯდომარე აბაზანები, უმჯობესია, ძილის წინ. პროცედურა 15 წუთს უნდა გაგრძელდეს, აბაზანის შემდეგ კი პირდაპირ საწოლში ჩაწექით და კარგად ჩაიფუთნეთ.
    ძალიან კარგია გვირილის ნახარშით ფეხების დაორთქვლაც. ბებიაჩემის წყალობით ცისტიტმა ზუსტად ერთ კვირაში გამიარა.

    სხვა:
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვისკენკრას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, 6 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე, 15 წუთს ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად. მკურნალობა დაავადების ჩაცხრობამდე გააგრძელეთ. თუ შედეგი რამდენიმე დღეში ვერ შემაჩნიეთ, ექიმს მიმართეთ.

  • აიღეთ 15 გ მინდვრის შვიტას ბალახი და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, დატოვეთ 1 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1 ჭიქა დღეში ერთხელ, საღამოს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი