კოჟრის სწრაფად მოცილების მარტივი ხერხები

კოჟრის სწრაფად  მოცილების მარტივი ხერხები
უკვე ნახევარი ზამთარი გადავაგორეთ, ამიტომ, ვისაც ტერფებზე ხშირად უჩნდება კოჟრები დროულად უნდა დაიწყონ გაზაფხულ - ზაფხულისთვის მზადება, თორემ მოხდილი ფეხსაცმლის სეზონზე დიდი უხერხულობა შეექმნებათ.

  • კოჟრებთან ბრძოლა ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოთ (გაჩენისთანავე). იგრძენით ტერფებზე დისკომფორტი და გაგიწითლდათ კანი? სასწრაფოდ გაიკეთეთ ფეხებზე თბილი წყლის აბაზანა. წყალს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და საჭმელი სოდა, ასევე 5 წვეთი გვირილის ზეთი (შეიძინეთ აფთიაქში). 15 წუთის განმავლობაში ისიამოვნეთ მომადუნებელი თბილი პროცედურით. შემდეგ დაზიანებული ადგილი დაიმუშავეთ 2 %-იანი სალიცილის კრემით ან შემხორცებელი თვისებების მქონე ნებისმიერი სხვა საშუალებით. დაიკარით კოჟრის საწინააღმდეგო პლასტირი.
    თუ დაზიანებული კანი გამოგებერათ, ანუ გაგიჩნდათ სითხის შემცველი ბუშტუკი (ბებერა), მაშინ ზემოთ აღწერილი თბილი აბაზანის პროცედურის შემდეგ, მანიკიურის გასტერილებული მაკრატლით ფრთხილად გაიჭერით ბუშტუკზე კანი. სითხის გამოსვლის შემდეგ დაიმუშავეთ კანი იოდით ან ბრილიანტის მწვანით. თუმცა ამ პროცედურაზე სპეციალისტების საკმაოდ დიდ ნაწილს რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს. ისინი თვლიან, რომ ბებერაზე არსებული კანი ბუნებრივი დამცველის როლს ასრულებს და აქვეითებს მისი დაინფიცირების რისკს. ამიტომ, მისი გაჭრით, კოჟრის მალე მორჩენის ნაცვლად, ინფექციური გართულების რისკს გაზრდით. სპეციალისტთა ეს ნაწილი კოჟრიდან კანის მოცილებას მხოლოდ ჭრილობის ბოლომდე შეხორცების (ბებერას გაქრობის) შემდეგ გვირჩევს და ისიც პემზის ქვის დახმარებით.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
სალიცილის მჟავას შემცველი საშუალების გამოყენება და მით უმეტეს, კოჟრის მოჭრა, არ არის რეკომენდებული ქრონიკული დაავადების დროს, განსაკუთრებით კი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაზიანებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი