სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ამოხველებას აადვილებს
კარგად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი თვისება გააჩნია ზოგიერთი სამკურნალო მცენარის თბილ ნახარშებსა და ნაყენებსაც. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ალოეს ფესვები, ვირისტერფას ფოთოლი და თავშავას ბალახი. მათი გამოყენება შესაძლებელია ზემო სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების - ბრონქიტის, ტრაქეიტის, პნევმონიის, ბრონქოექტაზიის დროს.
- ძირტკბილას ფესვები
ძირტკბილას ფესვები და ფესურები შეიცავენ გლიცერინს, კალიუმისა და კალციუმის მარილებს, აგრეთვე ფლავონოიდურ გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, პიგმენტებს და ეთეროვან ზეთებს. ძირტკბილას ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია მის ფესვებში შემავალი ნივთიერებების მოქმედებით. ისინი ასტიმულირებენ ტრაქეისა და ბრონქების ეპითელიუმის აქტივობას, აგრეთვე აძლიერებენ ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციას. ძირტკბილას ფესვების მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური თვისება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც გამოწვეულია მასში ჰისტამინის, სეროტონინისა და ბრადიკინინის შემცველობით. - კულმუხოს ფესვები და ფესურები
კულმუხოს ფესვები და ფესურები შეიცავს საპონინებს, ეთეროვან ზეთებს, ფისებს და ლორწოვან ნივთიერებებს. მცენარე ეხმარება ნახველის გადაადგილებას ქვემო სასუნთქი გზებიდან სასუნთქი ტრაქტის ზემო ნაწილში და აადვილებს მის ევაკუაციას. გამოიყენება ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების - ტრაქეიტებისა და ბრონქიტების მკურნალობისას, რომელთაც თან ერთვის დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა.
- ცაცხვის ყვავილი
ცაცხვის ყვავილი შეიცავს ფლავონოიდური ჰესპერიდინის გლიკოზიდს, საპონინებს, ტილიაცინის გლიკოზიდს, ეთერის ზეთს (0,05%), მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას. მას გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება. გამოიყენება ანგინის და ბრონქიტების სამკურნალოდ. - ვირისტერფას ფოთოლი
ვირისტერფას ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს, ანულინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებსა და ორგანულ მჟავებს. ეფექტიანია კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, ფილტვების აბსცისისა და განგრენის დროს.