ჰაიმორიტის სამკურნალო ხალხური მეთოდები
წლების განმავლობაში ყოველი გაციების დროს შუბლისა და თვალბუდის მიდამოში აუტანელი ტკივილი მეწყებოდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ იმ დღეებში პრაქტიკულად მოწყვეტილი ვიყავი ყოველგვარ საქმიანობას, ვიწექი და ბალიშიდან თავის წამოწევაც კი არ შემეძლო. ერთ მშვენიერ დღეს ეს ამბავი ჩემმა დედამთილმა გაიგო და სკივრიდან დედამისისა თუ ბებიამისის ნაქონი კარაბადინი ამოიღო. იმედი უკვე გადაწურული მქონდა, მაგრამ დედამთილს ხათრი ვერ გავუტეხე და მის მიერ შერჩეული მეთოდით მკურნალობა ვცადე. ჰოი, საოცრებავ - მომიხდა და თქვენ წარმოიდგინეთ, კარგა ხანია, ტკივილს თავი აღარც შეუხსენებია. აი ეს მეთოდიც:
- აკაციის პარკებიდან გადმოყარეთ თესლი, გაახმეთ ეს პარკები, დაფქვით და ბურნუთივით იყნოსეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მწიკვი ფხვნილი გახსნათ პენეცილინის ხსნარში და ორივე ნესტოში ჩაიწვეთოთ - დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი წვეთი, ვინაიდან ძალზე მტკივნეულია. დაცემინების შედეგად შუბლის არე დაგროვილი ჩირქისგან თავისუფლდება.
- ამასთანავე საღამოობით ისუნთქეთ ცხელი ორთქლით, გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი წყლით ან გულყვითელასა და გვირილის სუსტი ნახარშით. ჰაიმორიტის დროს ცხვირს, შუბლსა და თავს ზომიერი სითბო სჭირდება, ამიტომ შარფი არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ ღამითაც მოიხვიეთ.
- აიღეთ 3 სუფრის კოვზი მრავალძარღვა, 1 სუფრის კოვზი კაკლის ფოთოლი, 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 3 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათს. ამ ნაყენით უნდა გამოირეცხოთ ჰაიმორის ღრუ (შეისრუტოთ ცხვირით ) დღეში ორჯერ.
- გაადნეთ პარაფინი 60-65 გრადუსზე ისე, რომ ფუნჯით ადვილი წასასმელი იყოს, შემდეგ თხელ ფენად წაისვით ჰაიმორის ღრუს მიდამოებში. უნდა გაკეთდეს რამდენიმე ფენა, ვიდრე პარაფინის სისქე 1 სმ-ს არ მიაღწევს. შემდეგ ზემოდან დაიფარეთ თბილი ქსოვილი (სასურველია შალი) და 1 საათს გაიჩერეთ. პარაფინი ისეთი ტემპერატურის უნდა იყოს, რომ კანი არ დაწვას. უმჯობესია, მის წასმამდე კანი მზესუმზირას ზეთით ან ვაზელინით დაიზილოთ.
შეგიძლიათ პარაფინი გაადნოთ, ლავაშივით გააბრტყელოთ და ისე დაიდოთ ჰაიმორის ღრუს მიდამოში.