ყელის ტკივილს ანისული დაგიამებთ

ყელის ტკივილს ანისული დაგიამებთ
აუტანელ ყელის ტკივილს დიდი ხანია კარგად ვიცნობ. გლანდები პატარაობაშივე ამომაჭრეს იმ იმედით, რომ ანგინა და ყელის ტკივილი ამის შემდეგ მაინც დამანებებდა თავს, მაგრამ ნურას უკაცრავად, უკვე 56 წლის კაცი ვარ და აცივდება თუ არა, რამდენიმე დღეში ყელი თუ არ ამტკივდა, მიკვირს კიდეც. თუმცა წლებმა რაღაც - რაღაცეები მასწავლა და შემოდგომის მიწურულს უკვე ანგინის დასახვედრად ვემზადები. ძალიან მიხდება ეს წამალი:

  • ვიღებ ჭიქა-ნახევარ ანისულის თესლს და ვასხამ იმავე რაოდენობის ცივ წყალს, ვდგამ ცეცხლზე და ვადუღებ 15 წუთს, რომ შეგრილდება, ვფილტრავ და ვურევ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლს, შემდეგ კვლავ ცეცხლზე ვდგამ და კიდევ ერთხელ წამოვადუღებ, ხოლო ქურიდან გადმოდგმის შემდეგ, ვიდრე გაცივდება, ვიმატებ 1 სადილის კოვზ კონიაკს.
    სწრაფი ეფექტისთვის უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. ნახარშის სმა 10 დღე შეგიძლიათ.

  • ჩემი ერთი ნაცნობი ყელის ტკივილის დროს ნემსიწვერას ნაყენით მკურნალობს: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნემსიწვერას უნდა დაასხათ 2 ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი და 6-8 საათით სიგრილეში დადგათ. პერიოდულად კარგად მოურიეთ. სვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. დალევის წინ ოდნავ შეათბეთ.

  • კარგია რძეში მოხარშული ლეღვის ჩირის ნახარშიც: 7-8 ცალი ლეღვის ჩირი უნდა მოხარშოთ 2 ჭიქა რძეში და თბილ -თბილი დალიოთ ძილის წინ. ეს საშუალება განსაკუთრებით ანგინიან ბავშვებს უხდება.

  • სცადეთ ხახვის ნაფცქვენიც - 3 ჩაის კოვზი მშრალი დაქუცმაცებული ნაფცქვენი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, დააყენეთ 4 საათით, გაფილტრეთ და პერიოდულად ყელში ივლეთ.

    ბრონქიტს უხდება:
  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი გაზაფხულის ფურისულას ფესვი, 2 ჩაის კოვზი ცერეცოს თესლი და 2,5 ჩაის კოვზი ვირისტერფას ფოთოლი. ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 8 საათს გააჩერეთ. გადაწურეთ და მიიღეთ 3 ულუფად ჭამიდან თითო საათის შემდეგ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი