ეს საშუალებები ორგანიზმს საიმედოდ ასუფთავებს, ძველ ენერგიასა და ამტანობას უბრუნებს
რამდენითვიანი დამქანცველი ფიზიკური შრომის შემდეგ ვიგრძენი, რომ დავსუსტდი, დილით ადრე ადგომა მეზარებოდა, უმადობაც დამჩემდა და მთელი დღე გაუნძრევლად ყოფნის მეტი არაფერი მინდოდა. ჩვეული საქმიანობაც კი იმხელა ძალისხმევას ითხოვდა ჩემგან, თითქოს არასოდეს მეკეთებინოს. მეუღლემ მადის მოსაგვრელად წამლები მასვა. მადა ნამდვილად მომემატა, მაგრამ გვარიანი ტრაპეზის შემდეგ განძრევა უფრო მეტად მიჭირდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საგონებელში ჩავვარდი და გამოსავლის ძებნა დავიწყე. ზოგმა რა მირჩია და ზოგმა -რა. ბოლოს რამდენიმე ისეთი რეცეპტი შევარჩიე, რომელთა შესახებ ადრეც გამიგონია. სწორედ მათ გთავაზობთ.
- აიღეთ 10 გრამი არყის ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ მცირე ულუფებით დღეში 3-4-ჯერ, დაახლოებით 100 - 100 გრამი.
- აიღეთ 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ 4 ჩაის კოვზი ნარევი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათით და გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ერთ ჯერზე. სასურველია, თუ ამ ულუფას დღეში 3-ჯერ მაინც მიიღებთ.
მოცვი, ჭინჭარი და ასკილი მდიდარი ყოფილა ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნაერთებით, რომლებიც მავნე ნივთიერებებით დაბინძურებულ ორგანიზმს საიმედოდ ასუფთავებს და ძველ ენერგიასა და ამტანობას უბრუნებს. - აიღეთ 1 სადილის კოვზი ძახველი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 -2 საათით და გაფილტრეთ. მიიღებთ ნაყენს, რომელიც ორად უნდა გაყოთ. ნახევარი შუადღისას დალიეთ, ნახევარი კი საღამოს. ძახველით მკურნალობის კურსი ერთკვირიანია.
- 2 ჩაის კოვზ წიწაკის მარცვალს დაასხით 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ, შემდეგ დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარ საათს ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, ნახევარი საათით დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში და გადაწურეთ. მიღებული ნახარში დალიეთ დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი ათდღიანია.