ორგანიზმის მომაძლიერებელი, გამაახალგაზრდავებელი, გამწმენდი და იმუნიტეტის ასამაღლებელი ჩაის ძალა

ორგანიზმის მომაძლიერებელი, გამაახალგაზრდავებელი, გამწმენდი და იმუნიტეტის ასამაღლებელი  ჩაის ძალა
რვა შვილი, თხუთმეტი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი გავზარდე. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა - ჩემს მრავალრიცხოვან ოჯახს ავადმყოფობა მუდამ გვერდს უვლიდა. ალბათ ამის საიდუმლო მცენარეებისგან მომზადებულ ჩაიში იმალება. ამ ჩაის სმის ტრადიცია ჩვენს ოჯახში ბებიამ დაამკვიდრა. იგი სამკურნალო მცენარეების შეგროვებით იყო გატაცებული. სარდაფში მუდამ ეკიდა ხმელი კონები, მათგან ჩაის გვიმზადებდა და გვასმევდა. როცა ბებიამ მცენარეებისადმი ჩემი ინტერესი დაინახა, ბევრი სამკურნალო ნაყენის მომზადება მასწავლა. მინდა, რამდენიმე მათგანის რეცეპტი თქვენც გაგაცნოთ.

ორგანიზმის მომაძლიერებელი:
აურიეთ თანაბარი რაოდენობით (მაგალითად, თითო ჩაის კოვზი) ყანის ჩიტისთვალა, ტარხუნა, მარწყვის ფოთოლი, მაყვლის ფოთოლი და ჟოლოს ფოთოლი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 10 - 15 წუთით.

გამაახალგაზრდავებელი:
აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი კოწახური და 4 ჩაის კოვზი ასკილის ნაყოფი. 1 - 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

გამწმენდი:
აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი მარწყვის ფოთოლი, თითო ჩაის კოვზი ჟოლოს ფოთოლი, ფურისულა, კვრინჩის ფოთოლი, მაყვლის ფოთოლი. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დაახურეთ და გააჩერეთ 5 - 10 წუთით. ეს ჩაი უნდა სვათ ყოველდღე რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუ მოახერხებთ, დღეში 2 - 3-ჯერაც კი.

იმუნიტეტის ასამაღლებელი:
აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ( მაგალითად, თითო ჩაის კოვზი) ცაცხვის ყვავილი, ასკილის ნაყოფი, ბარამბოს ფოთოლი და პიტნა. 1 - 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ. მიიღეთ 2-3 კვირის განმავლობაში დილა - საღამოს, ნახევარ-ნახევარი ჭიქა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი