თუ ართრიტი გაქვთ, პარკინსონიზმის აღარ უნდა გეშინოდეთ

თუ ართრიტი გაქვთ,  პარკინსონიზმის  აღარ  უნდა  გეშინოდეთ
ახლახან გაირკვა, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებები, იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვები, რომლებსაც წარმატებით იყენებენ ართრიტის, ართრალგიისა და ნევრიტის სამკურნალოდ, რეგულარული მიღების შემთხვევაში პარკინსონის დაავადების განვითარების ალბათობას ამცირებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 579 ადამიანი გამოიკვლია, რომელთა ნახევარს პარკინსონის დაავადების საწყისი სტადია ჰქონდა. გამოკვლევის მონაწილეებს უსვამდნენ კითხვებს ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მიღების სიხშირესა და ხანგრძლივობაზე.

ის, ვინც ერთი თვის განმავლობაში მაინც იღებდა კვირაში ორ ან მეტ ტაბლეტს, რეგულარულ მომხმარებლად ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ ანთების საწინააღმდეგო არასპეციფიკური საშუალებების (გარდა ასპირინისა ) რეგულარული მიღების შემთხვევაში პარკინსონიზმის განვითარების რისკი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში 56 % - ით მცირდება. დამცავი ეფექტი მკურნალობის დასრუბელის შემდეგ კიდევ ორი წელი ძლებდა, მერე კი თანდათან სუსტდებოდა. დამცავი ეფექტი ასპირინსაც აღმოაჩნდა, მაგრამ შედარებით სუსტი - ის პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს მხოლოდ 40 % - ით ამცირებდა, ისიც მხოლოდ ქალებში. როგორც მკვლევარები ამბობენ, მამაკაცები ასპირინს მხოლოდ გულის დაავადებების დროს იღებენ, ისიც მცირე დოზით, მაშინ როცა ქალები მას ართრიტისა და თავის ტკივილის დროს სვამენ, თანაც გაცილებით დიდი დოზებით და გაცილებით ხშირად.

პარკინსონის დაავადება ქრონიკული პროგრესირებადი პროცესია, რომელსაც თან სდევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დოფამინური ნეირონების პროგრესირებადი რღვევა. დაღუპული უჯრედების მოშორებაში იმუნური სისტემა მონაწილეობს. პროცესს თან სდევს ანთებაც, რომელიც დოფამინის წარმოქმნილ უჯრედებს აზიანებს. როგორც ჩანს, სწორედ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებს იმუნური სისტემის პათოლოგიურ აქტიურობას და არღვევს იმ მანკიერ წრეს, რომელსაც პარკინსონის დაავადებამდე მივყავართ, ამბობენ მკვლევარები. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, გამოკვლევები გაგრძელდეს, რათა მედიცინის სამყაროს საშუალება მიეცეს, შეაფასოს რისკის ჯგუფებში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიზანმიმართული დანიშვნის შედეგები, დაადგინოს, ოპტომალური პრეპარატები და მათი დოზირება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო