რომელი მცენარეების ეთერზეთებს აქვს სამკურნალო ეფექტი

რომელი მცენარეების ეთერზეთებს აქვს სამკურნალო ეფექტი
სურნელს ადამიანის მხოლოდ დამშვიდება ან აღფრთოვანება კი არა, განკურნებაც შეუძლია. ჩინელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათასი წლით ადრე იცოდნენ, რომ ზოგიერთი მცენარის ეთერზეთს სამკურნალო ეფექტი აქვს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფიზიოლოგიურ პროცესებზე ქაფურის ხსნარების ზეგავლენა დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი. ცნობილია ისიც, რომ პიტნის კვერუკები (პიტნის ეთერზეთით გაჟღენთილი შაქრის ნატეხები) გულისრევის შეგრძნებას ახშობს. პიტნის ზეთი, რომლის მთავარი კომპონენტი მენთოლია, ზედა სასუნთქი გზების კატარული პროცესების (ლორწოვანი გარსის ანთების ) ერთ - ერთი საუკეთესო წამალია, ნიშადური - ანისურას ( ვაშლის ერთ - ერთი ჯიშის ) წვეთები - კი ბრონქიტის დროს მშრალ ხველას ხსნის.
ძველად სამეფო კარის მოცეკვავეებს თმასა და ტანსაცმელზე ეთერზეთებით (აქროლადი სუნელოვანი ნივთიერებებით) სავსე ბურთულები ჰქონდათ მიმაგრებული. ცეკვისას ბურთულები ირხეოდა, ნივთიერებები ქროლდებოდა და თავბრუდამხვევი სურნელით კიდევ უფრო აჯადოებდა მაყურებელს. ძველ ეგვიპტეში სანთლებს, საცხებს, მალამოებს, აბებს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურნელოვანი ნივთიერებებისგან ამზადებდნენ. ხახვის, ნივრის, ყურძნის, საზამთროს, ანისურას, კვლიავისა და პიტნის გამოყენების ტრადიცია სწორედ იქიდან მოდის. მცენარეთა სამკურნალო ზემოქმედებასა და სასარგებლო თვისებებს ძველი ბერძნებიც კარგად იცნობდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს, რომ მცენარეული ეთერზეთები ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს - აგრილებს, აღაგზნებს, აძინებს, ადუნებს...

სასარგებლო სუნები
  • ფორთოხლის სურნელი ადამიანს ათბობს და შვებას ჰგვრის.
  • რეჰანი მხნეობას მატებს და შაკიკისგან ათავისუფლებს.
  • ვერბენა და ნემსიწვერა დაძაბულობას ხსნის, დეპრესიას აქარვებს.
  • ლიმონი ამაღლებს განწყობას, ხსნის დაღლილობასა და მოუსვენრობას.
  • ბეგქონდარა წმენდს ჰაერს.
  • ევკალიპტი ასუფთავებს ცხვირ- ხახას და ამცირებს ემოციურ დატვირთვას.
  • რეჰანის, სალბის, ჯავზისა და პაჩულის სურნელი საუკეთესოა სურდოს დროს.
  • თუ სამსახურში ან პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ, კატაბალახას ნუ დაეწაფებით, არც ვალიდოლის გამოყენებას გირჩევთ. ნაცვლად ამისა, სჯობს, გარემო ჟასმინის არომატით აავსოთ. ამ ყვავილის სურნელი ხსნის ემოციურ დაძაბულობას და ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს.
  • პიტნის სურნელი ხსნის გონებრივ დაღლილობას, გვათავისუფლებს დამთრგუნველი ფიქრებისგან. კარგია მისი დაყნოსვა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ.
  • ფიჭვის ტყეში მსუბუქად და მშვიდად გრძნობს თავს, რადგან სურნელი განწმენდისა და გაძლიერების ეფექტს ახდენს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო