რასთან არის დაკავშირებული ჰორმონალური რღვევა და ჭარბი წონა

რასთან არის დაკავშირებული ჰორმონალური რღვევა და ჭარბი წონა
გასუქება თურმე შესაძლებელია სტრესითაც, უძილობითაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მშიერ კუჭზე სუპერმაკეტში სიარულითაც კი. მთავარი დამნაშავე კი ყოფილა ინსულინი, კორტიზოლი, ლეპტინი, გრელინი და ორგანიზმის სხვა უჩინარი ბერკეტები, რომლებსაც ჰორმონები ჰქვია.

ჰორმონალური ნგრევის მიზეზები
მეცნიერები ჰორმონებს მენეჯერების იმ გუნდს ადარებენ, როცა ყველანი პროცესში არიან ჩაბმული, ორგანიზაცია შეუფერხებლად მუშაობს და თუკი ერთი მაინც უღალატებს საქმეს, მთელი ბიზნესი დაინგრევა.
ჰორმონ ინსულინს კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს და ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესზე ახდენს გავლენას, მათ შორის ღვიძლში გლუკოზას სინთეზზე, ასევე საკვებიდან ცხმიმის წარმოქმნაზე. მაგრამ, როგორც უკანასკნელმა გამოკვლევამ აჩვენა, არა მარტო საკვების მიღება, მისი ერთი კომპონენტის დანახვაც კი ინსულინის გამომუშავების პროვოცირებას ახდენს. როდესაც ძალიან მშიერი ადამიანი გემრიელ საჭმელს ხედავს, მისი ტვინი ავტომატურად გამოიმუშავებს ინსულინს, ის კი თავის მხრივ, გლუკოზას გადაქმნის ცხიმად.

ჰორმონალური რღვევა და ჭარბი წონა
იმისათვის რომ არ მოვახდინოთ ინსულინის დონის "აფეთქება", თავი ძალიან არ უნდა მოვიმშიოთ, ვიკვებოთ დანაწევრებულად და ბოროტად არ ვისარგებლოთ ცხიმიანი საკვებით. ამას გარდა, ვერიდოთ "შვედურ მაგიდებს", რომელზე თავშეკავება კარგად დანაყრებულ ადამიანსაც კი გაიჭირდება.


ყველა როდი იღებს ერთნაირ სიამოვნებას საკვებიდან. ამაში დამნაშავე კი დოფამინია, რომელიც ნერვულ უჯრედთა შორის სიგნალების გადამცემია. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, მათ, ვისაც გენეტიკურად ნაკლები დოფამინი გამოუმუშავდებათ, საჭმლისგან სათანადო სიამეს ვერ იღებენ. მაშასადამე, ჭამენ და ჭამენ, ბევრს და კიდევ უფრო ბევრს, რადგან ჰგონიათ, ასე რაოდენობას ხარისხში გადაზრდიან.

ასეთ ადამიანებს ბიოქიმიკოსები ურჩევენ გაზარდონ ფიზიკური აქტიურობა, რადგან ზომიერი ვარჯიში ზრდის სისხლში ენდორფინების რაოდენობას (რდ ჰორმონი განწყობილებას აუმჯობესებს და ხელს უწყობს ცხოვრებისადმი ოპტიმისტურ ხედვას). თანაც სპორტი სიმსუქნის საშუალებას არ მოგცემთ.

გრელინი შიმშილის გრძნობას აძლიერებს და ტრაპეზის დაწყებამდე მადა აღძრავს. აღმოაჩინეს, რომ მისი გავლენით შიმშილის გრძნობა ხშირი ხდება და მადასთან გამკლავება ძნელდება. გრელინის კონტროლის ყველაზე კარგი ხერხია - გამოძინება. საქმე ისაა, რომ არა ნაკლებ 8 საათიანი ძილი ხელს უწყობს სიმაძღრის ჰორმონ ლეპტინის გამომუშავებას. როგორც კი გრელინი მადას აღძრავს, ლეპტინი მაშინვე ახშობს მას. მით უფრო, რომ სპეციალისტების აზრით, საკმარისია თქვენთვის ჩვეულ ძილის რეჟიმს ნახევარი საათი დაუმატოთ, რომ ნივთიერებათა ცვლას საუკეთესო ფონს შეუქმნით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა - თავი აარიდეთ ფრუქტოზაზე (ის მადას ასტიმულირებს) დამზადებულ სასმელებს და მკაცრ დიეტებს. რაციონში კალორიების უხეში შეზღუდვა გრელინის დამატებით გამომუშავებას აპროვოცირებს და უფრო და უფრო მეტი ჭამა უნდება ადამიანს.

სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ორგანიზმში მოქმედებას იწყებს ფიზიკური საშიშროების სიტუაციებში ან ემოციონალური სტრესის დროს. ის დამატებით ენერგიას გამოყოფს, რომელიც წინარეისტორიულ ხანაში ჩვენს წინაპრებს გარეული მტაცებლებისგან თავდაღწევაში ეხმარებოდა. შემდეგ კი სიგნალებს უგზავნიდა ტვინს, რომ სასწრაფოდ ჭამა იყო საჭირო დახარჯული ენერგეტიკული მარაგის შესავსებად. დღეს ჩვენ, პრაქტიკულად, მუდმივად განვიცდით სტრესს და ჩვენი ტვინი თითქმის ყოველწამიერად გამოსცემს კორტიზოლს. შესაბამისად, წახემსებაც გინდება. მდგომარეობა იმით უარესდება, რომ სტრესის დროს გლუკოზა ცხიმად გარდაიქმნება. ამიტომ, ნერვული სისტემისა და ფიგურის გადასარჩენად კარგია ფიტნესი, ცეკვა - სიმღერა, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები. სიმსუქნის კვლევის ცენტრის კოლუმბიელი მკვლევარები გვირჩევენ, რომ მეტად ვიმხიარულოთ და გავაბედნიეროთ საკუთარი თავი, თვით უბრალო აბაზანაც კი ეთერზეთებით მომენტალურად აქვეითებს კორტიზოლის დონეს.

ესტროგენი "ქალურობის ჰორმონია" და ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული ცხიმის დაგროვების პროცესთან. გარდა იმისა, რომ გავლენას ახდენს ფორმების დამრგვალებაზე, წყალსაც აკავებს, მაშინ როცა "მამაკაცური ჰორმონი" ტესტოსტერონი, ცხიმების დაშლისკენ ისწრაფვის. ტესტოსტერონის დონის გაზრდას კი სპორტი უწყობს ხელს.

უჯრედულ დონეზე მეტაბოლიზმისთვის პასუხისმგებელია თიროიდული ჰორმონები T3 T4. მათ მდგომარეობას ენდოკრინოლოგი უნდა ამოწმებდეს, ვიდრე დიეტაზე გადახვალთ. ამ წყვილის ტონუსში შენარჩუნებისთვის რეკომენდებულია მიირთვათ იოდით მდიდარი ზღვის კომბოსტო.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის