დაბალკალორიული ბოსტნეული, რომელსაც ქალბატონები ფორმის შესანარჩუნებლად იყენებენ

დაბალკალორიული ბოსტნეული, რომელსაც ქალბატონები ფორმის შესანარჩუნებლად იყენებენ
დაბალკალორიული ბროკოლის გარნირს ხშირად ირჩევენ ქალბატონები ტანადობის შესანარჩუნებლად. ის სასარგებლოა ძლიერი სქესისთვისაც. ბროკოლში არსებული ფიტოქიმიური ნივთიერებები ადამიანს იცავს წინამდებარე ჯირკვლის კიბოსა და ინსულტისაგან - უკანასკნელი ასწლეულის ყველაზე "მამაკაცური" დაავადებებისგან. კომბოსტოს ეს ნაირსახეობა დაბალკალორიულია - 100 გრ დაახლოებით 34 კკალ - ს შეიცავს. ამასთანვე მდიდარია უჯრედისით, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და დიდხანს უნარჩუნებს ადამიანს სიმაძღრის შეგრძნებას.

ანტიოქსიდანტებით სავსე
ცოცხალი და ცოცხლადგაყინული ბროკოლი ისეთი ძვირფასი ფიტოქიმიური ნივთიერებების წყაროა, როგორებიცაა თიოციანატები, ინდოლები, იზოციანატები, ბეტა - კაროტინი, ლუტეინი და ზეაქსანტინი. ეს ნაერთები ორგანიზმს იცავს პროსტატის, მსხვილი ნაწლავის, შარდის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და მკერდის კიბოსგან. ცოცხალი ბროკოლი C ვიტამინის მდიდარი წყაროა. 100 გრ ამ ნივთიერების სადღეღამისო ნორმის თითქმის 150 % - ს აწვდის ორგანიზმს. C ვიტამინი მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ეხმარება რა ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში. ბროკოლი სხვა ანტიოქსიდანტურ ვიტამინსაც შეიცავს. ეს გახლავთ A ვიტამინი. ის სასარგებლოა მხედველობისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება კანსა და ლორწოვან გარსს.

ვიტამინები და მინერალები
100 გრ ბროკოლი დაახლოებით 63 მკგ ფოლის მჟავას შეიცავს, რაც სადღეღამისო ნორმის 16 % - ს შეადგენს. ეს ვიტამინი განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულობის დროს, რამდენადაც მუცლადმყოფი ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებას ეხმარება. ამ ბოსტნეულში არის, ასევე, B ჯგუფის ვიტამინები, ცხიმმჟავა ომეგა 3 - ის მცირე რაოდენობა; მინერალები: კალციუმი, მარგანეცი, რკინა, მაგნიუმი, სელენიუმი, თუთია და ფოსფორი.

ფრთხილად!!!
ბროკოლი შეიცავს ნივთიერება გოიტროგენებს, რომლებმაც, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ზრდა გამოიწვიოს. ამიტომ, ამ ორგანოს დისფუნქციის მქონე ადამიანებმა ბროკოლი დიდი სიფრთხილითა და ზომიერებით უნდა მიირთვან.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთლობა ყველასათვის