როგორ უნდა გაისინჯოთ თქვენით სარძევე ჯირკვალი
სარძევე ჯირკვლის კიბო - პირველ ადგილს იკავებს ქალებში ავთვისებიან პროცესებში. თითოეულმა ქალმა თვითონ უნდა გაისინჯოს სარძევე ჯირკვალი, მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ, პირველივე კვირაში, ერთ - ერთ დღეს. გასინჯვა შედგება რამდენიმე ეტაპისგან.
- საჭიროა თეთრეულის ყურადღებით დათვალიერება ძუძუს თავების ადგილას ლაქების არსებობა. ლაქა შეიძლება იყოს მოყვითალო ან სისხლიანი.
- განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სარძევე ჯირკვლის დათვალიერებას: ხომ არ არის აქერცვლა, შეწითლება, დაწყლულება, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება სარძევე ჯირკვლის მდგომარეობას (გადაწევა, ჩავარდნა, გამსხვილება). იმისათვის რომ დადგინდეს არის თუ არა გამონადენი ჯირკვლიდან, 2 თითით უნდა მოუჭიროთ რბილად.
- სარძევე ჯირკვლის კანის საფარველის ყურადღებით დათვალიერება: ერთფეროვანია თუ არა, ხომ არ არის შეწითლება, ან წყლული. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ე.წ. ლიმონის კანის გაჩენას.
- სარძევე ჯირკვლის დათვალირება სარკის წინ: წელს ზემოთ უნდა გაშიშვლდეს ქალბტონი და დააკვირდეს მკერდის კონფიგურაციას (არის თუ არა ორივე თანაბარი ზომის, ფორმის. არის თუ არა სარძევე ჯირკვლების ქვედა საზღვარი ერთ დონეზე. ხომ არ არის ასიმეტრია, ჩავარდნა ) დათვალიერება მიმდინარეობს ჯერ ჩამოშვებული, შემდეგ აწეული ხელებით.
- ტარდება სარძევე ჯირკვლების პალპაცია (ხელით მოსინჯვა) ჯერ მჯდომარე, შემდეგ მწოლიარე მდგომარეობაში. სარძევე ჯირკვლის გასინჯვა იწყება გარეთა მხრიდან, თითების წრიული მოძრაობით საფეხურებრივად ისინჯება ყველა მიმართულებით. შემდეგ უნდა გაისინჯოს იღლიის ფოსო და მკერდქვეშა არე. სარძევე ჯირკვლის ზედა ნახევრის გასინჯვისას, იმავე მხარის ხელი უნდა იყოს აწეული თავს ზემოთ. პალპაცია უნდა ჩატარდეს სისტემატურად, სასურველია თვეში ერთხელ მაინც. ნებისმიერი ცვლილების შემჩნევისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.