აი, ასე მზადდება ვაშლის ძმარი სწორად!

აი, ასე მზადდება ვაშლის ძმარი  სწორად!
ძმარი შეიძლება დავამზადოთ უშუალოდ ვაშლისგან შემდეგი რეცეპტის მიხედვით:

  1. ვაშლი გარეცხეთ, მოაშორეთ დამპალი ან ჭიანი ნაწილი, შემდეგ გახეხეთ მსხვილნახვრეტებიან სახეხზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის კანი, აგრეთვე მურაბის, კომპოტის და ა. შ. ხარშვისას მიღებული ნარჩენები ან სიდრის დამზადების დროს დარჩენილი გამონაწურიც.

  2. უმი ვაშლის ფაფას ათავსებენ შესაფერის ჭურჭელში ( მომინანქრებულ ქვაბში, რომელიც მოცულობით მასის შესაბამისი უნდა იყოს ), ასხამენ თბილ წყალს და ადუღებენ ( 0,5 ლიტრ წყალს 0,4 კგ ვაშლის მასაზე ). ყოველ ლიტრ წყალზე უმატებენ 10 გრ. თაფლს ან შაქარს, აგრეთვე ( ძმარმჟავა დუღილის დასაჩქარებლად ) 10 გრ პურის საფუარს და 20 გრ მშრალ შავ პურს.

  3. ჭურჭელს ინახავენ თავღიას 20 - 30 გრადუს ტემპერატურაზე. ის შეიძლება იყოს მინის ( ქილა ), ხის ( უსახურავო კასრი ) ან თიხის.

  4. ჭურჭელი სიბნელეში უნდა იდგეს, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები დუღილს ხელს უშლის.

  5. ფერმენტაციის პირველი სტადიის ჩასატარებლად ჭურჭელს 10 დღის განმავლობაში თბილად ინახავენ ( 20 გრადუს ტემპერატურაზე ). დღეში 2 - 3 - ჯერ ხის კოვზით ურევენ ვაშლის მასას, შემდეგ იგი ტომარაში გადააქვთ და წურავენ.

  6. მიღებულ წვენს ხელახლა წურავენ დოლბანდში. აწონიან და ასხამენ ფართოყელიან ჭურჭელში.

  7. ყოველ ლიტრ წვენს შეიძლება დავუმატოთ 50 - 100 გრ თაფლი ან შაქარი, მოვურიოთ სრული ჰომოგენიზაციის მიზნით.

  8. ფერმენტაციის მეორე სტადიისთვის ქილას დოლბანდს ახურავენ, თავს უკრავენ და თბილად ინახავენ დუღილის გასაძლიერებლად.

  9. დუღილი დამთავრებულია, როცა სითხე დაწყნარდება და იწმინდება.

  10. ვაშლის ძმარი მზადდება 40 - 60 დღეში. შემდეგ მას ბოთლებში ასხამენ ( ფილტრავენ ძაბრზე დაფარებული დოლბანდით ). ბოთლებს თავს მჭიდროდ უცობენ, სანთლავენ და ინახავენ გრილ ადგილას.

ვაშლის ძმარი კარგია სალათებთან და სხვა კერძებთან ერთად, აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას საჭმლის მჟავე დანამატზე.

დოქტორ ჯ. დარვისის მითითების თანახმად, ვაშლის ძმარი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დიეტური საკვები პროდუქტი და სამკურნალო საშუალება სხვადასხვა დაავადების დროს.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი