რა ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში სელენის შემცველობის ბიოდანამატი და რამდენად საჭიროა მისი მიღება?!

რა ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში სელენის შემცველობის ბიოდანამატი და რამდენად საჭიროა მისი მიღება?!
ახლობელმა მირჩია, რომ დავლიო სელენის შემცველობის ბიოდანამატი. გთხოვთ, ამიხსნათ, რა ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში ქიმიური ელემენტი სელენი? რისთვის არის იგი საჭირო?

ექიმის კომენტარი:
ადამიანის ორგანიზმის დამცავ სისტემებს შორის ერთ - ერთი ძირითადია ანტიოქსიდანტური სისტემა. მისი მუშაობა მრავალი ფაქტორით რეგულირდება. ანტიოქსიდანტურ დაცვას ახორციელებს მარტივი ნივთიერებების, ფერმენტების და კოფერმენტების მთელი სისტემა, რომელსაც სელენიც მიეკუთვნება. ეს სისტემა აკონტროლებს ჟანგბადის აქტიური ფორმების წარმოქმნას, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება და ძლიერი დამანგრეველი ძალა აქვს. სელენის დეფიციტი შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ჩვეულებრივი ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, ჩვენს მტრად იქცეს, რადგანაც სელენდეფიციტის პირობებში ჰაერში შემავალი ჟანგბადი თავისი აქტიური ფორმებით ორგანიზმში შლის ვიტამინთა უმრავლესობას. არღვევს იმუნურ სისტემასა და დეტოქსიკაციის ( შხამსაწინააღმდეგო ) სისტემას. იმუნური სისტემა კარგავს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისა და სიმსივნური უჯრედებისათვის წინაამღმდეგობის გაწევის უნარს, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. შეიძლება განვითარდეს ათეულობით მძიმე დაავადება, თმიც ცვენიდან დაწყებული, დიაბეტით, ანემიით, ონკოლოგიური და გულ - სისხლძარღვთა დაავადებებით დამთავრებული.

ადამიანისთვის სელენის ძირითადი წყარო საკვებია, კერძოდ, მარცვლეულისგან მომზადებული პროდუქტები. იმის გამო, რომ მარცვლეულს სელენისაგან გამოფიტულ ნიადაგზე ზრდიან, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ კომპონენტის დეფიციტს განიცდის. სელენის დღეღამური საჭირო დოზაა 100 - 150 მიკროგრამი. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო სელენის ხელოვნური დანამატის სახით მიღებისას, რადგან მას ძალიან მცირე დიაპაზონი აქვს ეფექტურსა და ტოქსიკურ დოზებს შორის, ტოქსიკური დოზაა 800 მიკროგრამი, ანუ 5 - 6 - ჯერ მეტი რაციონალურ დღეღამურ დოზასთან შედარებით. ე.წ. სუბტოქსიკური დოზა - 400 მიკროგრამი კი, არ იწვევს აშკარა გამოვლინებებს, მაგრამ მაინც ზიანს აყენებს ორგანიზს.

ამჟამად მუშაობენ ბიოსელენის ( ორგანულ მოლეკულასთან მიერთებული სელენი ) შესაქმნელად, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ელემენტის ტოქსიკური ეფექტი, მაგრამ ეს ვერ გადაჭრის პრობლემას. სპეციალისტთა აზრით, დაუშვებელია სელენის მონოკომპონენტური ( მხოლოდ მისი შემცველი ) პრეპარატის მიღება, რადგან იგი ორგანიზმის ბალანსს არღვევს. უმჯობესია მისი სხვა ვიტამინებთან ( A, E, C ) და მინერალებთან ( მაგნიუმი, თუთია ) ერთად კომპლექსურად მიღება. მონოკომპონენტურ პრეპარატებს საერთოდ უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლობისა. თუ საჭიროა, ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სტატუსის გაძლიერება, უმჯობესია ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კომპლექსური პრეპარატი მიიღოთ. საერთოდ, გირჩევთ, ერთი შეხედვით მარტივი და უვნებელი ბიოდანამატები და სხვა პრეპარატებიც კი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდგომ დაუნიშნოთ საკუთარ თავს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს