რა იწვევს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარს!

რა იწვევს  საყლაპავის  დიაფრაგმული  ხვრელის  თიაქარს!
საყლაპავის დაიფრაგმული ხვრელის თიაქარის ზუსტი მიზეზები უცნობია. დადგენილია, რომ თიაქარი მაშინ ვითარდება, როცა დიაფრაგმის ხვრელის ირგვლივ არსებული კუნთები სუსტდება, მუცლის ღრუს ორგანოები კი მუდმივად მიისწრაფვიან, შეაღწიონ სუსტ წერტილებში. სწორედ ეს განაპირობებს გულმკერდის კუჭის განადაცვლებას.
ზოგიერთს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ტრავმის შედეგად უვითარდება. არის შემთხვევები, როცა ადამიანს დიაფრაგმის ხვრელის თანდაყოლილი სისუსტე აქვს ან დიაფრაგმაში არსებული ხვრელი დიდი ზომისაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი მიზეზი, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევას ზრდის, შესაძლოა თიაქარის მიზეზად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ხველა ან ღებინება, ორსულობა, ასციტი ანუ მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, მძიმე საგნების აწევა.

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, როცა:
  • პაციენტის ასაკი 50 წელს აღემატება;
  • პაციენტი მსუქანია;
  • პაციენტი მწეველია.
    ბავშვებში აღნიშნული დაავადება, როგორც წესი, თანდაყოლილია.

როდის მივმართოთ ექიმს?
ხშირად საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარს მაშინ აღმოაჩენენ, როცა პაციენტი ექიმს გულძმარვის გამო მიმართავს. გულძმარვა უმეტესად ზომიერია. თუ ის მეტისმეტად შემაწუხებელია, ხშირი, თან სდევს ხველა, ხიხინი, ასთმის შეტევები ან ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ადამიანი, რომელმაც იცის, რომ დიდი ზომის თიაქარი აქვს, გულმკერდის უეცარმა ძლიერმა ტკივილმა, სუნთქვის გაძნელებამ ან ყლაპვის დარღვევამ შეაწუხა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

დიაგნოსტიკა
როგორც ავღნიშნეთ, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი შეიძლება აღმოაჩინონ გულძმარვის ან ტკივილის მიზეზის დასადგენად ჩატარებული კვლევისას. ეს შეიძლება იყოს:
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოგრაფია. ამ დროს პაციენტი სვამს ბარიუმის წყალხსნარს, რაც შესაძლებელს ხდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ვიზუალიზაციას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გამოსახულება. თიაქრის შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუშია ამოსული.

  • ენდოსკოპია ( გასტროსკოპია ). ამ დროს ექიმი თხელ, დრეკად მილს, რომლის ბოლოზეც ოპტიკური სისტემაა დამონტაჟებული, პირის ღრუდან ჯერ საყლაპავში, ხოლო შემდეგ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაუშვებს და თან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამ მონაკვეთების ლორწოვან გარსს ათვალიერებს. კვლევის ამ მეთოდით მხოლოდ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი კი არ ვლინდება, არამედ ფასდება საჭმლის საყლაპავის დაზიანება რეფლუქსის - კუჭში არსებული მჟავე წვენის ამოტყორცნის - გამო.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა