რა იწვევს ანალური მიდამოს ქავილს და ნახეთქებს

რა იწვევს ანალური  მიდამოს ქავილს და ნახეთქებს
ქავილი ყითას ნახეთქებს სდევს თან. ანალური ნახეთქი ანალური ხვრელის ლორწოვანი გარსის სპონტანურად აღმოცენებული ელიფსოიდური ან ხაზოვანი დეფექტია. ახალგანვითარებულ (მწვავე) ნახეთქს ნაპრალისებური ფორმა და გლუვი, სწორი კიდეები აქვს. მის ფუძეს (ძირს) უკანა ტანის სფინქტერის კუნთოვანი ქსოვილი ქმნის. დროთა განმავლობაში ნახეთქის ძირი (ფუძე) და კიდეები გრანულაციითა და ფიბრინოლიზური ნადებით იფარება. ხანგრძლივი (ერთ თვეზე მეტხანს) მიმდინარეობის შემთხვევაში ნახეთქის კიდეებისგან შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება. ეს უკანასკნელი მკვრივდება, მიმდებარე ქსოვილები კი ტროფიკულ ცვლილებებს განიცდის. გარშემო ანალური ბორცვები ანუ მოჭარბებული ქსოვილოვანი წარმონაქმნები ჩნდება. მოგვიანებით სწორედ ეს წარმონაქმნები აძლევს დასაბამს ფიბროზულ პოლიპებს. უკანა ტანის ქავილი ანალური ნახეთქის განვითარების ადრეულ სტადიაზე იჩენს თავს, ძირითადად კი პათოლოგიას სიმპტომთა ტრიადა ახასიათებს:

  • ტკივილი უკანა ტანის არეში დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ;
  • ანალური სფინქტერის სპაზმი;
  • მცირე სისხლდენა დეფეკაციის დროს.

თუ ნახეთქი დიდხანს დარჩა მკურნალობის გარეშე, ლორწოვანი გარსის ნერვული დაბოლოებები განუწყვეტლივ ღიზიანდება, ადამიანი ძლიერ ტკივილს გრძნობს, არცთუ იშვიათად ვითარდება ანალური სფინქტერის სპაზმი. სფინქტერის სპაზმი, რომელიც დეფეკაციის შემდეგ ვითარდება, გრძელდება რამდენიმე საათს, ზოგჯერ - მომდევნო დეფეკაციამდეც კი. ამ შემთხვევაში ერთგვარი მანკიერი წრე ყალიბდება - ანალური ნახეთქი იწვევს ძლიერ ტკივილს, ტკივილი დასაბამს აძლევს შიგნითა სფინქტერის სპაზმს, სპაზმი კი, თავის მხრივ, ქსოვილთა იშემიის (სისხლნაკლებობის) გამო ხელს უშლის ნახეთქის შეხორცებას.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო