რა დაავადებაა ფასციოლოზი და როგორ მიმდინარეობს მისი მკურნალობა.

რა დაავადებაა ფასციოლოზი და როგორ მიმდინარეობს მისი მკურნალობა.
ფასციოლოზი ჭიებით ინვაზიის ერთ - ერთი სახეა. მისი გამომწვევია ოვალური ფორმის 10 - 30 მმ სიგრძისა და 8 - 12 მმ სიგანის ჭია, რომელიც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელის სანაღვლე გზებში, ზოგჯერ ფილტვებსა და სხვა ორგანოებშია. ადამიანი იშვიათად ავადდება. დასნებოვნება მაშინ ხდება, როდესაც წყალს ან მწვანილს შეჰყვება პარაზიტის განვითარების ერთ - ერთი ფორმა - ადოლესკარია. ნაწლავში მოხვედრილი ფასციოლის მატლი სანაღვლე გზებს აჰყვება, ზოგი კი გაარღვევს ნაწლავის კედელს, გავა პერიტონეუმის ღრუში და შემდეგ შეიჭრება ღვიძლის ქსოვილში. სისხლის გზით მან შეიძლება სხვა ორგანოებსაც მიაღწიოს და იქ ჩაიბუდოს. მოზრდილი პარაზიტი აღიზიანებს სანაღვლე გზების ლორწოვანას, ახშობს სადინარების სანათურებს, ხელს უწყობს ინფექციით გართულებას. ჭიის ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები იწვევს ორგანიზმის მოშხამვას და ალერგიულ რეაქციას.

დაავადების დასაწყისი მწვავეა, ტემპერატურა - მომატებული. იწყება ტკივილი ღვიძლისა და მუცლის არეში, ღვიძლი დიდდება, ვითარდება ალერგიული გამონაყარი. სკლერები მოყვითალოა. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტებისა და ეოზინოფილების მატება ( ეოზინოფილა 40 - 70 %- ს აღწევს ხოლმე ). ედს - ი მომატებულია. ზოგჯერ მდგომარეობა მძიმდება და ვითარდება ღვიძლის მრავლობითი დაჩირქება.
შემდგომში დაავადება წლობით, ქრონიკულად მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებით ქოლეცისტიტის ( ნაღვლის ბუშტის ანთების ) და ქოლანგიტის ( სანაღვლე სადინარების ანთების ) მსგავსი მოვლენებით.

დიაგნოზს ადასტურებს განავალსა და დუოდენური ზონდაჟით ( ზონდის გადაყლაპვით ) მიღებულ მასალაში ფასციოლის კვერცხის აღმოჩენა. იყენებენ აგრეთვე კანის ალერგიულ სინჯს.

მკურნალობა:
მკურნალობენ ქლოქსილით, ემეტინის ინექციებით, ნაღველმდენი საშუალებებით. რაც შეეხება დაავადების პროფილაქტიკას, მისი თავიდან აცილებისათვის აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა: დაუშვებელია აუზებიდან, გუბეებიდან და წყალსაცავებიდან შეტბორებული წყლის სმა აუდუღებლად. მისი გამოყენება ჭურჭლისა და პროდუქტების გასარეცხად. ხელ - პირის დასაბანად, სუფთა ან ადუღებული წყლით უნდა გაირეცხოს მწვანილი და ბოსტნეული.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს