რა შემთხვევაში აქვს უფლება "სითი პარკს" ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს?

რა შემთხვევაში აქვს უფლება "სითი პარკს" ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს?
„სითი პარკის“ მოვალეობა ქალაქის მასშტაბით პარკირების დარეგულირებაა, თუმცა აღნიშნული კომპანია ხშირად არღვევს თავის უფლებამოსილებას და არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის გამოწერის ნაცვლად, მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაჰყავს. რა შემთხვევაში შეუძლია „სითი პარკს“ ავტომფლობელის დაჯარიმება და რა შემთხვევაში ექვემდებარება ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაყვანას?! ამის შესახებ „Fpaparazzi“-ს რედაქციას საადვოკატო ბიურო „OK&CG “-ს იურისტებმა მოაწოდეს ინფორმაცია:


„სითი პარკის“ უფლებამოსილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, „სითი პარკი“ უფლებამოსილია დედაქალაქის ტერიტორიაზე დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისათვის ავტომანქანის მფლობელი დააჯარიმოს 10 ლარით, ან ავტომობილი გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე.
ავტომობილი დაჯარიმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:
  • არ არის გადახდილი პარკირების საფასური და ავტომანქანა დგას ფასიანი პარკირების ადგილზე
  • დარღვეულია დგომის მეთოდი
  • ადგილი აქვს ორმაგ პარკირებას
  • ავტომანქანა დგას სპეციალური პარკირების ადგილზე შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • ავტომობილი დგას ნიშნების: „დგომა აკრძალულია“ ან „გაჩერება აკრძალულია“ მოქმედების ზონაში.



ავტომობილი სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:
  • ავტომობილი წესების დარღვევითაა პარკირებული 12 საათზე მეტი დროით;
  • პარკირებული ავტომობილი საშიშროებას უქმნის უსაფრთხო მოძრაობას;
  • საგზაო მოძრაობას აფერხებს. ასეთ დროს, პარკირების ნიშანს აუცილებლად უნდა ახლდეს მინიშნება ავტომობილის დაცულ სადგომზე გადაყვანის თაობაზე.


აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში სპეციალურ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება ავტომობილის მძღოლს ან მის მფლობელს.
გარდა ამისა, „სითი პარკის“ წარმომადგენელს შეუძლია პირდაპირ გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტომანქანა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ავტომანქანებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე დგას და ამის შესახებ მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.

იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლი კანონს „სითი პარკის“ თანამშრომლების თვალწინ არღვევს და ავტომობილს აკრძალულ ადგილზე აყენებს, ამ კომპანიის წარმომადგენლებმა დამრღვევს მხოლოდ გაფრთხილება უნდა მისცენ.

ჯარიმის გადახდის წესები და ოდენობა
დაჯარიმებულმა ავტომობილის მფლობელმა, ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან, ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარების მომენტიდან 30 დღის ვადაში, ამ ვადის გასვლის შემდგომ, პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმებულის მიმართ ჯარიმისა და საურავის გადახდის იძულებით გადახდევინების ღონისძიება (ყადაღა, სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია და ა.შ.) განხორციელდება.
სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანილი ავტომობილის გასაყვანად კი საჭიროა, მფლობელმა წარადგინოს ტრანსპორტის სარეგისტრაციო დოკუმენტი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური 60 ლარს შეადგენს, ხოლო დამატებით ყოველი მომდევნო 24 საათის განმავლობაში თანხას ემატება შენახვის საფასური -10 ლარი.

რას ნიშნავს საჯარიმო ქვითრის ჩაბარება და როდის ითვლება ჩაბარებულად?
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემას ვაწყდებით ხოლმე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებასთან დაკავშირებით, მაგალითად: შესაძლებელია მოქალაქე დაჯარიმდეს არასწორი პარკირების გამო, ქვითარი დაუტოვონ საქარე მინაზე და შემდგომ, ქვითარი სხვადასხვა მიზეზთა გამო დაიკარგოს. ასეთ შემთხვევაში, დაჯარიმებულ პირს გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა ვინაიდან, საჯარიმო ქვითრის ჩაბარებად მხოლოდ და მხოლოდ საჯარიმო ქვითრის პირადად გადაცემა ან თავის მისამართზე, მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისთვის ფოსტით ჩაბარება ითვლება.

თუ გაგიჩნდებათ კითხვები შეგიძლიათ კომენტარების სახით იკითხოთ!