ვინ არის მოსამართლე, რომელიც მამა გაბრიელის საფლავის თავზე ფეშენებელურ ვილას იშენებს

ვინ არის მოსამართლე, რომელიც მამა გაბრიელის საფლავის თავზე ფეშენებელურ ვილას იშენებს
მცხეთაში სამთავროს მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მშენებლობა თითქმის უკვე დასრულებულია. ამოყვანილია კედლები და ნაგებობა გადახურულია. თუმცა ერთი შეხედვით ეს უწყინარი ნაგებობა შესაძლოა, ქალაქ მცხეთისათვის სერიოზული პრობლემების შემქნელი აღმოჩნდეს და გახდეს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქალაქ მცხეთას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნას.

რამდენად შეესაბამება ნაგებობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის ნორმებს და არღვევს თუ არა ის ვიზუალური დაცვის არეალის განსაზღვრებას.

საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მუხლი 36,4
ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე.
ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება:
ა) ძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით;
ბ) ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით;
გ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის – 1000 მეტრის რადიუსით.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ნებართვა სამთავროს ეკლესიასთან სამშენებლო სამუშაოების შესახებ წინა ხელისუფლების პერიოდში გაიცა. მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე იმასაც ამბობს, რომ მშენებლობამ ყურადღება დაახლოებით 2 თვის წინ მიიქცია, რის შემდეგაც მოხდა არსებული დოკუმენტაციის შესწავლა და გაირკვა, რომ მშენებელს არ გააჩნდა შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებისათვის.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე: "მშენებლობამ დაახლოებით 2-3 თვის წინ მიიქცია ყურადება. ჩვენ მესაკუთრე გამოვიძახეთ და ვთხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, თუ რის საფუძველზე მიმდინაეობდა მშენებლობა და ქონდა თუ არა სამშენებლო ნებართვა. მეპატრონემ წარმოადგინა საბუთები, რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ, რომ არ იყო სრულყოფილი და არ ქონდა შესაბამისი სამშენებლო ნებართვა. ყოველ შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც მას ქონდა, იწვევდა ეჭვს. ჩვენ ეს მასალები გადავუგზავნეთ პროკურატურას და მიმდინარეობს მისი შესწავლა. პარალელურად მესაკუთრეს მივეცით მითითება და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. მოხდა მისი დაჯარიმება, ადმინისტრაციული ჯარიმა 8 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მესაკუთრემ გაასაჩივრა".

როგორც გაირკვა შენობის მფლობელი მოსამართლე მიტო ხინაშვილია. სამწუხაროდ მასთან დაკავშირება პირადად არ მოხერხდა, ხოლო ჩვენი კითხვები მისთვის პრესსამსახურის მეშვეობით გახდა ცნობილი. მიტო ხინაშვილის პოზიცია შემდეგია, რომ მან შენობის პროექტი 2013 წელს შეათანხმა, მშენებლობა კი 2014 წელს კანონის ყველა წესის დაცვით დაიწყო. რაც შეეხება ჯარიმას, მშენებლობის მფლობელი ადასტურებს, რომ მას ჯარიმა 2 თვის წინ მიუვიდა.

საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან არ ამოიღონ.

დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: დაუშვებელია მცხეთაში შეუთანხმებლად ახალი მშენებლობები. შეთანხმება უნდა იყოს როგორც საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის მეთოდურ საბჭოსთან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან. ეს პროექტი შეთანხმებული არ ყოფილა. გარდა ამისა, მცხეთა შესულია იუნესკოს ნუსხაში. საქართველოდან სულ სამი ძეგლი იყო - ბაგრატის ტაძარი, სვანეთში სოფელი ჩაჟაში და მცხეთა სამი ტაძრით. იუნესკომ მცხეთა "საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში" გადაიყვანა. თუ შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული, მცხეთასაც გარიცხავენ. იუნესკოს კონკრეტულად ამ ადგილთან მიმართებაშიც აქვთ თავისი დამაკიდებულება. ეს არის ისტორიული ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია ყოველგვარი სამშენებლო აქტივობა. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ჩიხშია შესული, რადგანაც ტერიტორიები გასხვისებულია. შექმნილი მდგომარეობიდან ვფიქრობ, ორი გამოსავალია, ფულადი კომპესაცია და ადგილმონაცვლეობა, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

ნიკოლოზ ანთიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: აღნიშნული მშენებლობა ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, იმიტომ რომ, სამთავროს დედათა მონასტერი არის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი ძეგლი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გავიგეთ, ჩვენი ინსპექცია ადგილზე იმყოფებოდა. ქალაქის არქიტექტორის სამსახურთან ერთად გაიარეს ეს თემები და დადგინდა რომ თურმე ქალაქის არქიტექტორულ სამსახურის ნებართვაც კი არ აქვთ მშენებლობაზე. ასევე დადგინდა, რომ ზედამხედველობის სამსახურს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გამოწერილი აქვს კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მშენებლობაზე.

ჯარიმის დაკისრება არ ნიშნავს, რომ უკვე შესულია კანონი ძალაში. ეს სასამართლოში გასაჩივრებულია, როგორც ვიცი. ამიტომ სააგენტოს ინსპექცია ამ პროცესებში მაქსიმალურად ჩაერთვება, რომ მშენებლობა ან შეიზღუდოს ან საერთოდ აღარ გაგრძელდეს და ვიფიქროთ გამოსავალზე.

ის, რომ აქ უნებართვოდ დაიწყო სამუშაოები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და როდესაც სამაგალითოდ მოხდება ამ მშენებლობაზე სამართლებრივი რეაგირება, სხვისთვისაც გასათვალისწინებელი იქნება.

ზოგადად მშენებლობა ვიზუალური დაცვის ზონაში დასაშვებია, ოღონდ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ამისათვის საბჭოები არსებობს, ჩვენი, ადგილობრივი სამსახური და ერთობლივად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება და ისეთი ნაგებობა არ უნდა დაიდგას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ძეგლის ვიზუალურ აღქმას და ზოგადად, ძეგლის ინტერესების დაკნინება მოხდება.
რაც ვნახე სურათები, ვხვდები, რომ ძეგლის ინტერესების საზიანოდ არის განხორციელებული.

- იუნესკოს სიიდან ამოღებაზე თუ არის საუბარი?
- მთლიანად მცხეთა იუნესკოს "საფრთხის ქვეშ ნუსხაშია" შეყვანილი და სახელმწიფომ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს. მუნიციპალიტეტმა დაიწყო გენერალური გეგმის მომზადება.
მთავარია, რომ ქალაქდაგეგმარების დოკუმენტაცია შეიქმნას, რაც იქნება საფუძველი, რომ გამორიცხული იქნას საფრთხის ქვეშ ნუსხიდან ამოღების.
ეს მშენებლობა ჩვენ ამ გეგმას აფერხებს და იმედია, უმკაცრესი რეაგირება იქნება.

მცხეთის მერიასა და კულტუტული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ქალაქდაგეგმარების დოკუმენტაციის შექმნა, რაც იქნება საფუძველი, რომ სამომავლოდ ისეთი ტიპის შენობები აღარ აშენდება, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენებს მცხეთის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებას. რაც შეეხება აღნიშნულ მშენებლობას, ის ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა რა ბედი ელის და როგორ განვითარდება მოვლენები, პასუხი არავის გააჩნია.
სტატიის წყარო:ambebi.ge