როგორ მოვიშოროთ საკეისროს შემდეგ დარჩენილი ნაწიბური

როგორ მოვიშოროთ საკეისროს შემდეგ დარჩენილი ნაწიბური
საკეისრო კვეთის შემდეგ საკმაოდ დიდი ნაწიბური რჩება და დედებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. შესაძლებელია თუ არა მისგან გათავისუფლება?საჭიროების მიხედვით საკეისრო კვეთა ან ვერტიკალურად ხორციელდება ან ჰორიზონტალურად.

მოვლა
ვერტიკალური კვეთის შემთხვევაში ჭრილობა დაახლოებით, 2 თვეში ხორცდება, თუმცა პერიოდული ტკივილები შეიძლება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ასეთი კვეთის შემდგომი ნაწიბური ხშირად მსხვილდება და საკმაოდ უსიამოვნო შესახედია. განივი ჭრილობა უფრო სწრაფად ხორცდება, დაახლოებით 6 კვირაში. მანაც შეიძლება მთელი წლის განმავლობაში შეგახსენოთ თავი უსიამოვნო ტკივილებით.
სანამ ქალი სამშობიაროშია, ნაწიბურს ექთნები ამუშავებენ. შინ გამოწერის შემდეგ კი ეს პროცედურები თავად უნდა ჩაიტაროს.

გართულებები
როგორც წესი, გართულებები ჯერ კიდევ ნაკერების მოხსნამდე იჩენს თავს. ანუ სანამ ქალი ჯერ კიდევ სამშობიაროშია. ყველაზე გავრცელებული გართულებები ჰემატომები და სისხლდენაა. მათი შემჩნევა იოლია.
შეიძლება ოპერაციიდან 7-10 დღის შემდეგ ნაწიბურიც გაიხსნას. ამის თავიდან ასაცილებლად ქალი ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოს. ნაკერის ოდნავი გახსნა ან იქიდან გამონადენის გამოსვლა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ, არამედ სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

იარა
ზოგჯერ ნაწიბური დროთა განმავლობაში ნაკლებად შესამჩნევი ხდება, ზოგი კი პირიქით, მსხვილდება და არც ისე ესთეტიკურად გამოიყურება.
დღეს ამაზე უკვე ზრუნავენ ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. ლაზერის დახმარებით კანი ზედმეტი წარმონაქმნისგან თავისუფლდება. თუმცა პროცედურის ჩატარებამდე კონსულტაცია აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმთან. ის თავად შეაფასებს ნაწიბურის მდგომარეობას და გადაწყვეტს, მზად არის თუ არა პაციენტი ასეთი ჩარევისთვის.
სტატიის წყარო:Mshoblebi.ge