ქართველების ინოვაციური გამოგონება: უკაბელო ტექნიკა და მობილური, რომლის ელემენტი არასოდეს ჯდება

ქართველების ინოვაციური გამოგონება: უკაბელო ტექნიკა და მობილური, რომლის ელემენტი არასოდეს ჯდება
საოჯახო ტექნიკა სადენების გარეშე, მოძრავი ობიექტებისათვის ელექტროენერგიის უსადენოდ მიწოდება და მობილური ტელეფონი, რომლის ელემენტი არასოდეს დაჯდება - შესაძლოა ეს ფანტაზია გეგონოთ, თუმცა ქართველი მეცნიერები ამაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობენ და ინოვაციურ მეთოდსაც მიაგნეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ აზმაიფარაშვილმა ელექტროენერგიის უკაბელო გადაცემის მოდელი დაახლოებით სამი წელია, რაც შექმნა. მისი გამოგონების მეშვეობით, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნათურა ხელში ყოველგვარი კაბელის გარეშე ინთება. მისივე თქმით, აპარატი სრულიად უსაფრთხოა გამოსხივების მხრივაც.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ აზმაიფარაშვილი:
"ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემის მოქმედების პრინციპი ელექტრომაგნიტური რეზონანსის მოვლენას ემყარება, რეზონანსის ჩამოყალიბების პროცესის მართვა კი მიკროპროცესორული ბლოკის საშუალებით ხორციელდება. ეს ყველაფერი დიდი სიმძლავრის ენერგიის მიღების და მისი შორ მანძილზე გადაცემის საშუალებას იძლევა. საუბარია არა ახალი ენერგიის მიღებაზე, არამედ უკვე არსებული წყაროებიდან მის გარკვეულ დისტანციაზე უსადენოდ გადაცემაზე.
ჩვენს მიერ აწყობილი მოდელის საშუალებით მაღალი სიზუსტით იმართება სიხშირე, სიმძლავრე, ასევე სტატიკური ველი და მანძილი, რომელზეც გვსურს, რომ გაიცეს ელექტროენერგია. ელექტროენერგიის მიმღები მოწყობილობა წარმოადგენს რხევით სისტემას, რომელსაც უერთდება დატვირთვა. დატვირთვა შეიძლება იყოს როგორც აქტიური, ასევე რეაქტიული. მაგალითად, დატვირთვას შეიძლება წარმოადგენდეს ნეონის ან ვარვარების ნათურა, ასევე ტრანსფორმატორი ან ელექტროძრავი."
ნოვატორული გამოგონების ავტორი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის უკაბელო გადაცემის მოდელის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე შეიარაღებულ ძალებში თავდაცვითი კუთხითაც.
"ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემა ეფექტურად იმუშავებს ადგილებში, სადაც სადენებით ელექტროენერგიის გადაცემა შეზღუდულია. გარდა ამისა, ამ მოწყობილობით შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონებისა და ლეპტოპების, ასევე სხვადასხვა ელექტროტექნიკის დამუხტვა, სამომავლოდ კი ბაზარზე ელექტრომობილების მასიურად შემოსვლის შემდეგ, მათი დამუხტვა შუქნიშანზეც კი გახდება შესაძლებელი. უსადენო გადაცემის სისტემა შეიძლება შეიარაღებულმა ძალაბმაც კი გამოიყენონ ჯავშანტრანსპორტიორისათვის დამცავი ელექტრო ველის შესაქმნელად, რათა ჭურვების დეტონაცია მანამდე მოხდეს, სანამ ის ჯავშანტრანსპორტიორს დააზიანებს."
ელექტროენერგიის უკაბელო გადაცემის მოდელი მის შემქმნელებს უკვე დაპატენტებული აქვთ, და ახლა კონკრეტულ შეთავაზებებსა და დაფინანსებას ელოდებიან. ზაალ სამადაშვილის თქმით, საქართველო უკაბელო ელექტროენერგიის გამოგონების კუთხით მოწინავე ქვეყანაა და მსგავსი აპარატი უცხოეთში არსად მოიძებნება.
"ჩვენ სისტემის უფრო დახვეწასა და ენერგიის შორ მანძილზე გადაცემაზე ვმუშაობთ, თუმცა ამ ყველაფერს დაფინანსება სჭირდება. მაგალითად, დღეისათვის თუ მსგავს პროექტებზე საზღვარგარეთ ყოველთვიურად რამდენიმე ასეულ ათას დოლარს ხარჯავენ, საქართველოში ამ ოდენობის თანხით დაფინანსება წლის განმავლობაშიც კი არ ხდება. რადგანაც დღეს მსოფლიოში თემის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მატულობს, შესაძლოა სხვა ქვეყნის მეცნიერებმაც მიაგნონ ჩვენს მეთოდებს და მაშინ საქართველო ამ კუთხით მოწინავე ქვეყანა უკვე აღარ იქნება."
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ აზმაიფარაშვილი ამობს, რომ მას ყველაზე მეტად ნიჭიერი თაობა სჭირდება. შესაბამისად, ის დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოუწოდებს, უფრო მეტი გაიგონ გარემომცველი სამყაროს შესახებ და საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ჩააბარონ.

სტატიის ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი
სტატიის წყარო:Ambebi.ge