4 კანონი, რომელიც 1-ელი იანვრიდან ჩვენს ყოველდღიურობას შეცვლის

4 კანონი, რომელიც 1-ელი იანვრიდან ჩვენს ყოველდღიურობას შეცვლის
ყველა სახის სიგარეტის 20 თეთრით გაძვირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავადებულო ტექნიკური დათვალიერება, ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა და
გარემოს დაბინძურებაზე 5.000 ლარიანი ჯარიმა, - ეს ის კანონებია, რომელიც 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. fpaparazzi ოთხივე კანონის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ.
ყველა სახეობის სიგარეტი გაძვირდა

ყველა სახეობის სიგარეტი 20 თეთრით გაძვირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მაღაზიებსა და სავაჭრო ჯიხურებში განუცხადეს, სიგარეტზე ფასმა გუშინ მოიმატა. მათივე ინფორმაციით, ფასის მატება აქციზის ზრდამ გამოიწვია.

სავაჭრო ჯიხურებში თუ სიგარეტი "ვინსტონი" 2.20 ლარი ღირდა, 2.40 ლარი გახდა, "მარლბორო" თუ 3.00 ლარი ღირდა, 3.20 ლარი გახდა და აშ.

2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი გაიზარდა 0.15, ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.05 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 2015 წლის პირველი ივლისიდან აქციზის გადასახადის "შერეული სისტემა" შემოდის. წარმოდგენილი მექანიზმის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება


ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება 2015 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება. ამ დრომდე ძალაშია "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის ის პუნქტი, რომელიც მომავალი წლის 1-ელი მარტიდან სატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე სავალდებულო ტესტირებას ითვალისწინებს. საუბარია იმის თაობაზეც, რომ მანქანების ე.წ. ტექდათვალიერება, შესაძლოა, კიდევ ორი წლით – 2017 წლამდე გადავადდეს, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს.

დღემდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირებას მხოლოდ ის სატრასპორტო საშუალებები ექვემდებარება, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც სამი ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ.
ყველა სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის ტექდათვალიერების განხორციელება ნებაყოფლობითია.

ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება

ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2015 წლის 31 მარტიდან ეძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედების − სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონი ძალაში სწორედ ამ დღიდან შედის.

აღნიშნული კანონის მიხედვით, ამოქმედდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო.
ამავე კანონით, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს.

გარემოს დაბინძურებაზე მაქსიმალური ჯარიმა 5.000 ლარი იქნება


გარემოს დაბინძურებაზე მაქსიმალური ჯარიმა 5.000 ლარი იქნება ნარჩენების მართვის მიმართულებით გამკაცრებული სანქციები ძალაში ახალი წლიდან შედის. ამ მხრივ პასუხისმგებლობა მკაცრდება როგორც ფიზიკური პირების , ასევე საწარმო სუბიექტების მიმართ. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი,
მაქსიმალური კი - 5.000 ლარი იქნება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული "ნარჩენების მართვის კოდექსი" 15 იანვრიდან ამოქმედდება. ახალი კანონის მიზანია, ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას და მათ უსაფრთხო განთავსებას.

კანონით მეწარმეებს თავიანთი ნარჩენების მეორადი გადამუშავების ვალდებულება უჩნდებათ. ახალი კოდექსის ფარგლებში იგეგმება ევროპული სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელების მოწყობაც.
"ნარჩენების მართვის კოდექსი" ევროდირექტივების გათვალისწინებით მომზადდა.
სტატიის წყარო:ambebi.ge