ზოგიერთი დასახელების სიგარეტი გაძვირდა

ზოგიერთი დასახელების სიგარეტი გაძვირდა
საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასი გაიზარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო ობიექტებზე განუცხადეს, ფასის ზრდა შეეხო "მალბოროს", L&M-ს, "ესეს", "ბონდს" და "ომეგას" ქსელის სხვა სიგარეტებს. კერძოდ, სვაჭრო ობიექტებზე განმარტავენ, რომ "მალბოროს" ფასმა 30 თეთრით მოიმატა, L&M 40 თეთრით გაძვირდა, მთლიანობაში კი ფასმა 20-დან 40-თეთრამდე მოიმატა. სხვა დასახელების სიგარეტებზე ფასი არ გაძვირებულა.
აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ფასმა იქამდე მოიმატა, სანამ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაძვირდებოდა. 2015 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ასევე ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი იზრდება. მომავალი წლის პირველი ივნისიდან კი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე გადასახადის ე.წ. შერეული სისტემა შემოდის.
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი განისაზღვრება როგორც რაოდენობისა და წონის, ასევე საცალო-სარეალიზაციო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, იცვლება აქციზის გადასახადის წესი.
ამ ყველაფერს საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. პროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის ალაოს ლუდის, ეთილის სპირტის და ალკოჰოლური სასმელების აქციზის განაკვეთი, რომლის მოცულობაც არსებულთან შეარებით ორჯერ იზრდება.
რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმს, 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი იზრდება 0.15, ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.05 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, 2015 წლის პირველი ივლისიდან აქციზის გადასახადის "შერეული სისტემა" შემოდის. წარმოდგენილი მექანიზმის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.
სტატიის წყარო:interpressnews.ge