ნივთები, რომლითაც საქართველოში, ქუჩაში სიარული აკრძალულია

ნივთები, რომლითაც საქართველოში, ქუჩაში სიარული აკრძალულია
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში საგნების გარკვეული კატეგორიით გადაადგილება იზღუდება. რატომ არსებობს აკრძალვა ამ თუ იმ საგანზე და რა სასჯელს ითვალისწინებს კანონი, კომენტარი იურისტ მარიამ დოლიძეს ვთხოვეთ:

- ასეთი კანონების მიღება ყოველდღიურმა ყოფამ განაპირობა, მაგრამ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და არსებული კრიმინოგენული სიტუაცია ზოგი კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას და რეგულაციას იწვევს. ყველასთვის ცნობილია, რომ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები აკრძალულია, მაგრამ ესენიც კი კონკრეტული კრიტერიუმით იკრძალება. ნივთის ტარება, ან გამოყენება შესაძლოა, ერთ შემთხვევაში იყოს დასაშვები და მეორე შემთხვევაში აკრძალული. შეზღუდვები შეგვიძლია დავყოთ პირთა წრის მიხედვითაც. მაგალითად, არასრულწლოვანს ეკრძალება მანქანის მართვა, მაშინ როცა სრულწლოვანისთვის ეს დასაშვებია.

- დანები იყიდება დაუბრკოლებლად, ანუ დანის ტარების უფლებაც შეუზღუდავია?
- ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის მიხედვით, ცივი იარაღის ტარება ითვალისწინებს ჯარიმას, მარამ რეალიზაცია და შესყიდვა არაა დასჯადი. ზოგ ქვეყანაში პირდაპირაა განსაზღვრული, რანაირი დანის გაყიდვაა შესაძლებელი, მაგალითად, ზოგან აკრძალულია 40 სმ და მეტი სიგრძის დანის გაყიდვა. ჩვენთან ასეთი რეგულაციები სამწუხაროდ, არაა. თუკი ადამიანი ატარებს ცივ იარაღს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ჯარიმა განისზღვრება 200 ლარით. ჩვენთან უპრობლემოდ იყიდება და ფაქტობრივად არაა დასჯადი ე.წ. "ბაბოჩკა" დანით სიარული, მაშინ როცა გერმანიაში ასეთი დანის წარმოება, რეალიზაცია და იმპორტიც კი კატეგორიულადაა აკრძალული, რადგან სიცოცხლისთვის სახიფათოდ ითვლება. ჩვენთან ცივი იარაღის ზოგადი დეფინიციაა, რომ უშუალოდ შეხებით დააზიანო ადამიანი, მაგრამ არაა განსაზღვრული, რა ითვლება ცივ იარაღად, მხოლოდ დანა თუ მაგალითად, ჩანგალიც, რომლითაც ასევე შესაძლებელია ადამიანის დაზიანება.

- ვთქვათ, ქუჩაში ვმოძრაობ ე.წ. სუფრის დანით, ამ შემთხვევაში თუ დამაჯარიმებს პოლიცია?
- თუ ასეთი დანა გვექნება ჯიბეში და დაინახა სამართალდამცველმა, არის დასჯადი. ფაქტია, რომ ეს არის სადავო მუხლი, რადგან ვთქვათ, ჯიბით ატარებ დანას, ხარ მზარეული და ეს დანა გჭირდება სამსახურში, მაშინ არ დაგაჯარიმებენ, ვინადიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირდაპირ წერია გამონაკლისები. სხვათა შორის, სწორედ გამონაკლისებში შედის ეროვნულ ტანსაცმელში გამოყენებული ხანჯალიც.

- ბევრი ახალგაზრდა კასტეტით გადაადგილდება, ეს თუა დასჯადი?
- კასტეტის ტარება აკრძალულია და პირდაპირ წერია, რომ სამსახურებრივ საშტატო იარაღადაც არ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ასევე იკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც, რომელსაც საგნის იმიტირებული ფორმა აქვს, მაგალითად: სანთებელა პისტოლეტი, კალამი პისტოლეტი და სხვა.

- იარაღით სიარული თუა დაშვებული?
- თუ იარაღი რეგისტრირებული გაქვთ და არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია. თუმცა შესაძლოა, რეგისტრირებული გქონდეთ, მაგრამ თუ მოხვდით რაიმე სახის მიტინგზე ან მანიფესტაციაზე, შესაძლოა, დაგაჯარიმონ, რადგან ასეთ დროს პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი სახის იარაღით გადაადგილება. სხვათა შორის, ამ დროს იკრძალება ისეთი ნივთის ქონაც, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შეკრების მონაწილეებს. შეიძლება ასეთ ნივთად დროშის ტარიც კი ჩაითვალოს. ამ შემთხვევაშიც არ არსებობს ზუსტი დეფინიცია და თუ ადამიანი ამის გამო დააპატიმრეს, კონკრეტული მოსამართლის გადასაწყვეტია, რა ფორმით უნდა დააჯარიმოს, ან საერთოდ უნდა დააჯარიმოს თუ არა. თითქმის იდენტური სიტუაციაა ქუჩაში ლუდის სმასთან დაკავშირებით, მოსამართლე განსაზღვრავს, ჯარიმა 50 ლარი უნდა იყოს თუ 150.

- სხვა რითი გადაადგილება იზღუდება ქართული კანონმდებლობის მიხედვით?
- გააჩნია ტერიტორიას. მაგალითად, თუ ქუჩაში ანკესით გადაადგილდებით, ამის გამო არავინ დაგაჯარიმებთ, მაგრამ იმავე ანკესით ან ბადით თუ მოძრაობთ დაცულ ტერიტორიაზე, მაშინ უსათუოდ დაგაჯარიმებენ. ბუნებრივია, თუ ამისთვის სპეციალური ნებართვა გაქვთ, მაშინ ხელს ვერავინ შეგახებთ. ესაა ზოგადი მიმოხილვა, რაც ამ კუთხით შეიძლება ითქვას. სამწუხაროდ, ქართული კანონმდებლობა გარკვეულ საკითხებში სრულად არაა დახვეწილი და ბევრი გაურკვევლობაა, მაგრამ ალბათ ნელ-ნელა დაიხვეწება.
სტატიის ავტორი: ლადო გოგოლაძე
სტატიის წყარო:adami.ge