6 გენიალური მსახიობი, რომლებმაც საპირისპირო სქესი განასახიერეს

6 გენიალური მსახიობი, რომლებმაც საპირისპირო სქესი განასახიერეს
ალბათ, ძალიან კარგად გახსოვთ ფილმი ''შეყვარებული შექსპირი'', რომელშიც მთელი სასიყვარულო ორომტრიალი და ერთი ამბავი ხდება ინგლისში მოქმედი ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონის გამო - ძველად ქალებს თეატრში თამაშის უფლება არ ჰქონდათ და ამიტომაც ქალის პერსონაჟებსაც მამაკაცები ასახიერებდნენ. ფილმის მთავარ გმირს, ვიოლას კი, ძალიან უყვარს თავისი თანამედროვე შექსპირის პიესები და მამაკაცად გადაიცვამს, რომ მის დადგმაში მიიღოს მონაწილეობა...

დღეს, რასაკვირველია, ასეთი პრობლემები ქალბატონებს აღარ აქვთ და, რა თქმა უნდა, თეატრსა თუ კინოში ქალთა როლებს ქალები განასახიერებენ, თუმცა მამაკაცებიც არ არიან უარზე, საწინააღმდეგო სქესი ითამაშონ და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცონ საკუთარი მრავალფეროვნება, ისევე, როგორც იშვიათად, მაგრამ მაინც - ქალებსაც უყვართ გარისკვა ამ მხრივ და შედეგად, შამპანურის გახსნის მიზეზიც მიეცემათ ხოლმე, როდესაც ასეთი როლისთვის საყოველთაო აღიარებას მოიპოვებენ.

საკმაოდ დიდია იმ ფილმების რაოდენობა, სადაც უამრავ ნიჭიერ მსახიობს ნახავთ, რომელთაც ქალთა როლები აქვთ განსახიერებული. მაგალითად, ჩარლი ჩაპლინს ''დაკავებულ დღეში'' (1914 წ.), ფეტი არბიუკლს ''მის ფეტის ზღვისპირა საყვარლებში'' (1915 წ.), ალასტეირ სიმი, ჯერი ლიუისი თუ სხვა მსახიობები ახალ თაობას ნაკლებად ახსოვს, ისევე, როგორც მათი შესრულებული ქალის როლები. ამერიკელ მსახიობებს ამ მხრივ იაპონელებიც არ ჩამოუვარდებოდნენ. იაპონიაში საწინააღმდეგო სქესის საუკეთესო განმასახიერებლად მიიჩნეოდა აკიჰირო მივა, ისევე, როგორც მისი თანამემამულე, ტამასაბურო ბანდო, კაბუკის მსახიობი, რომელიც 1979 წელს გამოსულ ფილმში ''დემონის ხელბორკილი'' ერთდროულად ორ ქალ გმირს წარუდგენს მაყურებელს. შედარებით თანამედროვე კინოში რომ გადმოვინაცვლოთ, ქალთა როლები შესრულებული აქვთ მაიკლ ჯეი ფოქსს, ედი მერფისა და არსენიო ჰოლს, ასევე ჯონ ტრავოლტას, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებლებს ჩვენს რეიტინგში წარმოგიდგენთ.

''ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან'' - 1959 წ.

6 გენიალური მსახიობი, რომლებმაც საპირისპირო სქესი განასახიერესბილი უაილდერის დაუვიწყარი

კომედიური ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს მერილინ მონრო, ტონი კერტისი და ჯეკ ლემონი განასახიერებენ - ამ ფილმმა სამივეს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. 2000 წელს ის ყველა დროის საუკეთესო ამერიკულ კინოკომედიად დაასახელეს.
მერილინ მონროზე ამჯერად არ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, ალბათ, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ სიცილი შეიკავოთ დაფნასა და ჟოზეფინას პერსონაჟების ყურებისას. ისინი ''ქალები'' არიან, მაგრამ მათ ხომ მამაკაცი მსახიობები თამაშობენ, თანაც, ძალიან დამაჯერებლად. დაფნას ტანგო და პირში გაჩრილი ვარდი და ბოლოს ნათქვამი ფრაზა, ''სრულყოფილი არავინაა'' მაყურებელს აუცილებლად ათქმევინებს, რომ ამქვეყნად სრულ-ყოფილება არსებობს, და აქ მერილინ მონროს მკერდს არ ვგულისხმობთ მხოლოდ, ზემოხსენებული ფილმი სწორედაც რომ სრულყოფილია და ნაკლი არ აქვს, მათ შორის, არც კაცი მსახიობების მიერ განსახიერებულ ქალ პერსონაჟებს დაეწუნებათ რაიმე.

''ალბერტ ნობსი'' - 2011 წ.

ბოლოდროინდელ ფილმებს შორის, რომლებიც კინოეკრანებზე გამოვიდა, შეუმჩნევლად ვერ დავტოვებთ გლენ ქლოუზს, საკმაოდ დაუფასებელ მსახიობს ჰოლივუდში, რომელმაც დრამაში ''ალბერტ ნობსი'', ალბათ, თავისი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო როლი ითამაშა.
ჩვენი სტატიის თემიდან გამომდინარე არ გაგიკვირდებათ, რომ მშვენიერი მსახიობი ქალი ''ალ-ბერტ ნობსში'' სწორედ ალბერტს განასახიერებს, ქალს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ირლანდიაში, სადაც ქალების დამოუკიდებლობას არ მიესალმებიან, ცდილობს, მამაკაცად გადაცმულმა გაიტანოს თავი და ერთ-ერთ სასტუმროში შენიღბული მუშაობს. საბედნიეროდ, გლენი იმ წელს მოხვდა ''ოსკაროსანთა'' ნომინაციაში, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, რაც ძალიან დასანანია. მას ნატალი პორტმანმა აჯობა როლისთვის ფილმში ''შავი გედი''.


''ბიჭები არ ტირიან'' - 1999 წ.


ჰილარი სუონკს, რომელსაც თავისი განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით, აშკარად ''ემუქრებოდა'' ეკრანზე ბიჭად გარდასახვის საფრთხე, ეს ''ნიჭი'' რეჟისორმა კიმბერლი პირსმა შეამჩნია და მიიწვია მთავარ როლზე ''ოსკაროსან'' ფილმში ''ბიჭები არ ტირიან''. ჰილარიმ თავისი პირველი ''ოქროს კაცუნაც'' სწორედ ამ როლისთვის მიიღო.

გოგონად დაბადებულ ტინა ბრენდონს მიაჩნია, რომ მასში ქალური არაფერია, შეიცვლის ჩაცმულობას, ვარცხნილობას და სახელსა და გვარსაც გადაანაცვლებს. ამრიგად, ბრენდონ ტინას სახელით ის ახალ ცხოვრებას იწყებს და სიყვარულიც ეწვევა, თუმცა, რასაკვირველია, ყველაფერი ასე ადვილი არ არის... ბრენდონს პრობლემები მას შემდეგ შეექმნება, რაც მისი შეყვარებული გოგონას ძმა შეიტყობს, რომ ის ქალია...
ჰილარი სუონკი უბრალოდ, ბრწყინვალეა ამ როლში და ეს არის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ...

''ტუტსი'' - 1982 წ.

დასტინ ჰოფმანის ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე ცნობილი როლია. სიდნი პოლაკის შესანიშნავი სურათი ხელმოცარულ მსახიობზეა, რომელიც გადაწყვეტს, ქალად გადაიცვას და ქალის როლი მიიღოს ერთ-ერთ პოპულარულ საპნის ოპერაში.



გარდა იმისა, რომ ამ ფილმში დასტინ ჰოფმანს ბრწყინვალე გრიმი აქვს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როლს თავს შესანიშნავად ართმევს. ამიტომაცაა, რომ ფილმმა მაყურებლის ყურადღება მყისვე მიიქცია, კრიტიკოსებიც არ დატოვა გულგრილი და ერთდროულად ათ ''ოსკარზეც'' იყო ნომინირებული, თუმცა ჰოფმანი მის გარეშე დარჩა. ამ ნომინაციებიდან გამარჯვება მხოლოდ ჯესიკა ლანგმა მოიპოვა ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

''მისის დაუთფაიერი'' - 1993 წ.

რობინ უილიამსი, ალბათ, მეორე კაცი მსახიობი იყო, რომელიც პოპკულტურაში, დასტინ ჰოფმანის მსგავსად, თავისი ნათამაშევი ქალის პერსონაჟი შემოიტანა და დაამკვიდრა. ალბათ, მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს ფილმი ნანახი არ ჰქონდეს და დადებითად არ იყოს განწყობილი უიღბლო მამაკაცის მიმართ, რომელსაც შვილებთან მიახლოება აუკრძალეს და ამის გამო თავის ყოფილ ცოლსა და სამ შვილს ქალად გადაცმული, ძიძის ამპლუაში მოევლინა.



სხვათა შორის, ფილმმა მხოლოდ საუკეთესო გრიმისთვის აიღო ''ოსკარი'', თუმცა რობინ უილიამსისთვის ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული როლი გამოდგა.
სტატიის ავტორი: ნინო მურღულია
სტატიის წყარო:rating.ge