ძალიან ეფექტური და ხელმისაწვდომი ამოსახველებელი, ასევე ხველის სამკურნალო საშუალებები

ძალიან ეფექტური და ხელმისაწვდომი ამოსახველებელი, ასევე  ხველის სამკურნალო საშუალებები
ჩემი სუსტი წერტილები წელიწადის გარდამავალ პერიოდში მახსენებს ხოლმე თავს. აგრილდება თუ არა, ვცივდები, ხმა მიმდის, მეწყება ხველა და სურდო. დღეს უამრავ წამალს უკეთებენ რეკლამას, მაგრამ მე შინაურ, მცენარეულ საშუალებებს ვამჯობინებ და გაციების დროსაც მცენარეულ ჩაის ვსვამ.

ამოსახველებელი ჩაი ასე მზადდება:
  • აიღეთ: ალთეს ფესვი - 2 წილი, ვირისტერფა - 2 წილი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

    ხველის სამკურნალო საშუალებები:

  • ნავახშმევს მიირთვით ერთი კბილი ნიორი თაფლთან ერთად - მოკბიჩეთ ნიორი და დააყოლეთ თაფლი. ამის შემდეგ არაფერი შეჭამოთ. დილით გაცილებით უკეთ იქნებით.

  • სამლიტრიანი ქილა ნახევრამდე აავსეთ დაჭრილი ბოლოკით, დაუმატეთ მეოთხედი ქილა შაქარი, დააყენეთ დაახლოებით ერთი დღე - ღამით, სანამ ბოლოკი წვენს არ გამოუშვებს. მიიღეთ ეს წვენი 2-2 სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ, დღეში რამდენჯერმე.

  • ერთ ჭიქა ნებისმიერ ჩაის დაუმატეთ ერთი ცალი დაქუცმაცებული ბანანი, დააყენეთ დაახლოებით 2 საათით, მიიღეთ ჭამის შემდეგ ჭიქის მესამედი.

  • 8 ცალი დაფნის ფოთოლი და ამდენივე მიხაკი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი, დაახურეთ თავზე, შედგით ნელ ცეცხლზე და იდუღეთ, სანამ წყალი არ განახევრდება. სვით თბილ-თბილი, სურვილისამებრ, კარგი იქნება, თუ დღეში 1 ლიტრ (ანუ 2 ულუფა) ასეთ ნაყენს დალევთ. 3-4 დღის შემდეგ ხველა გაგივლით.

  • აიღეთ 2 კვერცხის გული და 3 სუფრის კოვზი შაქარი, ათქვიფეთ გათეთრებამდე და მიიღეთ უზმოზე, დღეში 2-ჯერ.
    გაითვალისწინეთ: ნარევი უშუალოდ მიღების წინ უნდა მომზადდეს.

  • ეს რეცეპტები მარტივი და ხელმისაწვდომია, თანაც ძალიან ეფექტური. მე და ჩემი ოჯახი ზამთარს მათი წყალობით ვუძლებთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი