როგორც კი ხველა შემოგიტევთ, შეუტიეთ თქვენც ხალხური რეცეპტებით
სუსტი ბრონქები და რესპირატორული დაავადებისადმი განწყობა მემკივდრეობით მერგო, ამიტომ, აცივდებოდა თუ არა, ასთმური ხველა გასაქანს არ მაძლევდა. ასე გრძელდებოდა, ვიდრე მეგობარმა ხახვისა და ჭინჭრისგან დამზადებული წამლის შესახებ არ მიამბო. ამ წამალს ყოველ წელს ვიმზადებ. როგორც კი ხველა შემომიტევს, მეც ვუტევ. ჯერჯერობით ორთაბრძოლა ჩემს სასარგებლოდ სრულდება. ზამთრობით ბევრს აწუხებს ასეთი ხველა. მსურს დავეხმარო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო.
- 40 თავ გაფცქვნილ ხახვს დაასხით მდუღარე წყალი, რომ დარბილდეს, შემდეგ მოშუშეთ 0,5ლ ზეითუნის ზეთში და კარგად დასრისეთ. მიიღეთ ეს პიურე დილით, უზმოზე და საღამოს თითო სუფრის კოვზი.
- 25 გ დაქუცმაცებულ იელსა და 10 გ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, 8 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ. სასარგებლოა ყივანახველის დროსაც - დაალევინეთ ბავშვებს 1ჩ/კ დღეში 3-ჯერ.
მტანჯველი ხველისგან გაგანთავისუფლებთ - ერთმანეთში აურიეთ 300 გრამი თაფლი და წვრილად დაჭრილი ალოეს 1 ფოთოლი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, შედგით ქურაზე, წამოადუღეთ და 2 საათი ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და კარგად ამოურიეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
ბრონქიტს უხდება - ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი აიღეთ 0,5 კგ-ის ოდენობით. ნაღების უმარილო კარაქი გაადნეთ და გაწურეთ საწურში, დაუმატეთ ღორის ბადექონი (მუცლის ქონს რომ ეძახიან), თაფლი და შაქრის ფხვნილი, შედგით ნელ ცეცხლზე და 5 წუთი ადუღეთ. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი კაკაო და კარგად მოურიეთ. ამის შემდეგ კვლავ ადუღეთ 5-7 წუთი. 1 სუფრის კოვზი ნარევი დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეს და მიიღეთ დილით, უზმოზე.
- მოკრიფეთ ზაფხულში წითელი სამყურას ყვავილი, გააშრეთ, მოხარშეთ და სვით. 1 სუფრის კოვზ სამყურას ყვავილს 2 ჩაის ჭიქა წყალი უნდა დაასხათ და 1-2 წუთის განმავლობაში ადუღოთ.
- 7 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ კრაზანას დაასხით 1/2 ლ არაყი, 2 კვირა გააჩერეთ სიბნელეში და გაფილტრეთ. გამოიყენეთ გულმკერდის, ზურგისა და ფეხების დასაზელად.
- თუ გაქვთ სიცხე, სურდო და თან გახველებთ, დაზელის პარალელურად სვით ოფლმდენი ნაყენი, რომელიც ბეგქონდარას, კრაზანას, პიტნის ან თავშავასგან მზადდება. 1 სუფრის კოვზ ნებისმიერ მცენარეს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა.
კრაზანას ნაყენს ადრე ფილტვების ანთების სამკურნალოდაც იყენებდნენ და საკმაოდ ეფექტურადაც. ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ - არ გაფუჭდება.