გამოუცხადეთ ბრძოლა ათეროსკლეროზს ეფექტური, ხალხური რეცეპტებით
ათეროსკლეროზი იმ დაავადებათაგანია, რომლისგან თავის დაღწევაც შეუძლებელია, თუმცა არსებობს უამრავი რეცეპტი ამ საშინელი დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად. მეც მაქვს ჩემი საიდუმლო, რომელსაც სიამოვნებით გავუმხელ თქვენს ერთგულ მკითხველს.
- ათეროსკლეროზის ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა ბაბუაწვერას ახალგამოწურული წვენი. ის უნდა მიიღოთ მთელი სეზონის განმავლობაში, 50 მლ დღეში 4-ჯერ, სასურველია, ბრინჯის ახალმომზადებულ ნახარშთან ერთად, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ერთი შეხედვით, მკურნალობა ძალიან დამღლელია, რადგან ყველაფერი უნდა მოამზადოთ უშუალოდ მიღების წინ: ბაბუაწვერას ფესვები და ფოთლები გარეცხოთ, გააშროთ, წვენი გამოწუროთ, მოხარშოთ ბრინჯი - და ასე დღეში 4-ჯერ მთელი სეზონი, მაგრამ მერწმუნეთ, შედეგი ამად ღირს. ასეთი მკურნალობის წყალობით დაუბრუნებთ ნათელ გონებას და არაჩვეულებრივ მეხსიერებას, განურჩევლად თქვენი ასაკისა. პირადად მე პროფლიაქტიკის ეს მეთოდი პირველად ხუთი წლის წინ მოვსინჯე და შედეგით განცვიფრებული დავრჩი. შეგიძლიათ, ბაბუაწვერას ფოთლებისა და ფესვებისგან მოხარშოთ მურაბა, რომელიც ძალიან სასარგებლოა, ან გაახმოთ და ისე შეინახოთ - ისინი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს, მაგრამ სისხლძარღვებზე ახალგამოწურულივით არ მოქმედებს. - ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო წამლისათვის საჭიროა 1 ჩაის ჭიქა ხახვის წვენი და ამდენივე თაფლი. აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 თვეს. ორკვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ 2 თვის განმავლობაში მიიღოთ.
- აიღეთ 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი ხმელი, დაფქული კატაბალახას ფესვი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, დაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. 5 წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოდგით და მთელი ღამე ასე დატოვეთ. დილით გადაწურეთ და მინის ჭურჭელში ჩაასხით. უნდა მიიღოთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით 2 კვირა, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და ორკვირიანი კურსი გაიმეორეთ.
სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, ამგვარი მკუნალობა ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, უმჯობესია, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.